ვანო მერაბიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატებმა, გიორგი ჩივიაშვილმა და გიორგი გელხაურმა განუცხადეს.
როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივი გარემოებები პროკურატურას საერთოდ არ ჰქონდა და ვანო მერაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მერაბიშვილი უკვე პატიმრობაში იმყოფება.
"ბრალდების მხარე დღეს აპელირებდა იმაზე, რომ თუ არ მოხდებოდა პატიმრობის შეფარდება, ვანო მერაბიშვილი გაანადგურებდა მტკიცებულებებს, ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, თუმცა, საინტერესოა, როგორ შეეძლო მას გაეკეთებინა ეს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელი იქნება. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში გავასაჩივრებთ", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.
ვანო მერაბიშვილისთვის ხელახალი პატიმრობის შეფარდებას "საოცრებას" უწოდებს გიორგი გელხაური. მისი თქმით, გაუგებარია, რაში დასჭირდა სასამართლოს კიდევ ერთი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება მაშინ, როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებს ისედაც უზრუნველყოფს და ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში 15 ივლისამდე დარჩება. "საინტერესოა, როგორ დაასაბუთებს ხელახალი დაპატიმრების გამოყენების გადაწყვეტილებას სასამართლო", განაცხადა აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. გამოძიება მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. აღნიშნულ საკითხზე წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.