პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სოფელ დიცში შექმნილი ვითარების გარკვევას ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე ელოდება. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, შეხვედრა 5 ივნისისთვისაა ჩანიშნული. "უნდა მოვითმინოთ და ყველაფერი გაირკვევა. უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები. ეს არაა იოლი საქმე, მაგრამ ამას არც განუსაზღვრელი დრო დასჭირდება. უშუალოდ დიცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი, 5 ივნისისთვის შეიძლება გაირკვეს ყველაფერი, როცა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი პუტინის წარმომადგენელს შეხვდება, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ გაუგებრობაა... შეიძლება რაღაც პროვოკაციაც იყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დავალება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 3 მინისტრს მისცა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა მისი წინამორბედის, ვანო მერაბიშვილის დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვიღაცის დასჯა მისი სურვილი არაა. "არ არის ეს ჩემი სურვილი. ჩვენ შემნდობი ხალხი ვართ, არ გვესწავლება რა არის ტოლერანტობა, შენდობა და დანდობა, მაგრამ ისევ აგრესიას აგრძელებენ. ღმერთმა დამიფაროს, რაში მჭირდება პირადი პატიმარი?! ჩემი პრინციპი არაა, რომ ვინმე დაისაჯოს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. თუ არ დაისაჯა დამნაშავე, ახალი დამნაშავე გაჩნდება", - აღნიშნა პრემიერმა.