საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი – ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით – ბოლო წლებში საშუალოდ16%-ია.
უფრო ზუსტად – იყო 16.9%, გახდა 16.2% და მიშგაბრწყინებული ქვეყნის მოზეიმე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც თვალსა და ხელს შუა იქცა ბრიოლონით ქოჩორაპრეხილი მარადმომღიმარე ბიჭიდან თმაშევერცხლილ და დაღლილ კაცად, რომელმაც კარგად იცის, რომ ნეხვშია ჩაფლული და ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მოზეიმე ხმით გვაცნობს ამ ფენომენალურ გაუმჯობესებას და ამით იმის წინაპირობას ქმნის, რომ ერთი კვირის შემდეგ ჩვენი გაკახელებული ბელადი გამოვიდეს და გამოგვიცხადოს, საქართველოში უმუშევრობა მალე 10%-მდე შემცირდებაო…
მაგრამ ვინ ითვლება საქართველოში დასააქმებულად?
თუ საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის მიერ სახელმძღვანელოდ მიჩნეულ მეთოდიკას გავეცნობით, ფანტასტიურ აღმოჩენებს გავაკეთებთ!
თურმე, საქართველოში დასაქმებულია 15-ზე მეტი წლის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც:
ა) გამოკითხვამდე ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (მერე რა თუ მანამდე 300 დღე არ მუშაობდა!). და ამ პირობას – მუშაობა – აკმაყოფილებს ნებისმიერი შემდეგი:
- თუნდაც 1 საათი მუშაობა (მთავარია ამაში ანაზღაურება ჰქონდეს, თუნდაც 1 ლარი!)
- შინამეურნეობაში ოჯახის სხვა წევრებს დახმარება(თუნდაც უსასყიდლოდ)
- სამსახურში გაფორმებულად ყოფნა (თუნდაც თუ სამსახურში არ უვლია და ხელფასს არ იღებს)
ბ) ან თვითდასაქმებულია, რომელიც:
- მუშაობს როგორც ინდივიდუალური მეწარმე
- მუშაობს შინამეურნეობაში – მაგალითად, სოფელში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, უვლის შინაურ ცხოველებს, და იღებს მატერიალურ ან ნატურით (!) ანაზღაურებას.
ამრიგად, თუ საქართველოში მცხოვრები მამაკაცი კვირაში ერთხელ წავა და თევზს დაიჭერს, ხოლო მერე თუნდაც 3 ლარად გაყიდის, ის უკვე დასაქმებულია! მაგრამ კიდევ უფრო ფანტასტიურია იმის გაცნობიერება, რომ ის მაინც დასაქმებულად ჩაითვლება, თუ ამ თევზს თავად შეწვავს და მიირთმევს, რადგან ჩაითვლება, რომ მან თავისი საქმიანობისათვის ნატურით ანაზღაურება მიიღო!
ასეთივე დასაქმებულია ქალი, რომელიც კვირაში ერთხელ ბინის დალაგებაში თუნდაც 10 ლარს იღებს!
და იგივე ითქმის 16 წლის გოგონაზე, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც თავის უმუშევარ მამას მიეხმარება, და სამუშაოს მოსაძებნად CV-ს კომპიუტერზე აუკრიფავს! ეს მაგალითი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, რადგან შვილის „დასაქმება“ მამის უმუშევრობას ანეიტრალებს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბრძნული გადაწყვეტილებით ამ ოჯახში უკვე 1 დასაქმებული მაინც არის! ხოლო თუ ამ ოჯახში კიდევ არის ბებია, რომელიც წინდებს ქსოვს, და ბაბუა, რომელიც ხისგან ფიგურებს ჩორკნის და შაბათ-კვირას ბაზარზე თუნდაც 3 ლარად გაყიდის, მაშინ ქართველი სტატისტიკოსების მეთოდიკის ფანტასტიური გულუხვობის წყალობით, ოჯახში უკვე 3 დასაქმებული იქნება! განა ეს საქართველოს ეკონომიკური ბუმის კიდევ ერთი დასტური არ არის?!
განა თანასწორობის საუცხოო მაგალითი არ არის, რომ ის ჩვენს მიერ ნახსენები გოგონა, ან წინდების მქსოველი პენსიონერი ბებო ისეთივე დასაქმებულებად ითვლებიან საქართველოში, როგორც კობა ნაყოფიას შვილი, რომელმად მამის კერძო კომპანიაში კონსულტანტად მუშაობს და წლიურად სულ რაღაც 1,100,000 ლარს იღებს?! განა ბედნიერება არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულია ერთადერთი მ არჩენალი ძროხის მწველავი მოხუციც, რომელიც საღამოს რძით და ყველით შვილიშვილებს აპურებს და პრეზიდენტის დედაც, რომელიც სულ რაღაც მესამედი წილის მფლობელია საქართველოს უნივერსიტეტში და ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში? ეს ხომ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენთან დასაქმება და ბიზნესის დაწყება ყველაზე იოლია და კრიზისით გათანგულ მსოფლიოში საქართველო – ლამის ერთადერთი გადარჩენილი ეკონომიკური ოაზისია!
თუმცა არის ნიუანსები, რომელზეც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური და მისი წარმართველი ნეტარი ნაცპარტია ჯიუტად სდუმან.
საქმე იმაშია, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების დაანგარიშების დროს მხედველობაში არ იღებენ საპენსიო ასაკის პირების შინამეურნეობაში დასაქმებას!
საქმე იმაშია, რომ აბსოლუტურ ლოგიკას მოკლებულია დასაქმებულად ჩათვალო ადამიანი, რომელიც კვირაში მხოლოდ 1 საათი მუშაობს, თუ მისი თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმს (საქართველოში – 155 ლარს) მაინც ვერ აღწევს!
საქმე იმაშია, რომ ევროპელები აფრიკის და აზიის ღარიბი ქვეყნებშიც კი უმუშევრობის დაანგარიშებისას არ თვლიან დასაქმებულად ადამიანს, რომელიც ფორმალურად სამუშაოზე დაქირავებულია, მაგრამ რომლის დღიური შემოსავალი 2 ევროზე ნაკლებია (ერთ სულზე). ანუ რომ გადმოვიანგარიშოთ – თვეში 135 ლარზე ნაკლებია. თან ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (4500 დოლარი წელიწადში) გაცილებით ნაკლებია.
აბსოლუტური მარაზმია, დასაქმებულად ჩათვალო ადამიანი, რომელიც სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს უვლის და მხოლოდ იმდენი სარჩო რჩება, რომ ოჯახი გამოკვებოს. რომელიც არ ჰყიდის თავის შრომის პროდუქტს (არ აქვს იმდენი, რომ გაყიდოს) და მოგება კი არა, არსებობა და ზამთრისთვის შეშის შოვნა ნატვრად ქცევია.
ეს მთავრობა, რომელიც დღედაღამ მუხლჩაუხრელად ქუჩის მოვაჭრეებს ებრძვის, პატრულს უსევს, ართმევს სიმწრით ნაშოვნ და ვალში აღებულ პროდუქციას, ურტყამს და არბევს, შემდეგ… სწორედ ამ ქუჩის მოვაჭრეების ხარჯზე ამაყად იმაღლებს დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს!.. განა ამაზე მეტი უნამუსობა იქნება, რომ ცალი ხელით ხელკეტი ურტყა შიმშილის გამო ქუჩაში გამოყრილ ადამიანებს და ამავე დროს ამაყად მეორე ხელით ისინი დასაქმებულებად ჩააწიკწიკო სტატისტიკურ „სპრედშიტებში“ და ბედნიერ მოქალაქეებად გაასაღო?!
ვაშა, ამ დასაქმებულ საქართველოს, ვაშა – შენებას!
მეგობრებო, ძვირფასო ჯერ კიდევ დაუსაქმებელო მოქალაქეებო!
საქართველოს ბედნიერი მთავრობის კიდევ უფრო გასაბედნიერებლად და პატრიოტული სულისკვეთების დროშის კიდევ უფრო მაღლა ასაფრიალებლად, მოგიწოდებთ:
დავეხმაროთ ჩვენს ციფრებზე შეყვარებულ და თავმომწონედ მოცანცარე მთავრობას – კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი დასაქმების მაჩვენებლები!
საბოლოდ დავამარცხოთ და ნულზე მივასრისოთ უმუშევრობა!
ყოველთვის, როდესაც სკოლაში ბავშვს წაიყვანთ – დააფიქსირეთ, რომ დასაქმდით! არ დაგენანოთ 6 თეთრი, გააგზავნეთ SMS სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში, რომ მათ კიდევ რამდენიმე მეასედი პროცენტით აამაღლონ დასაქმების მაჩვენებელი!
დააფიქსირეთ ისიც, თუ სკოლაში ბავშვის წაყვანისას ქუჩაში ვინმე მათხოვარს 10თეთრიანს ჩაუგდებთ ქუდში! უფრო სწორედ, სთხოვეთ ამ მათხოვარს, რომ მან თავი დასაქმებულად იგრძნოს და ამაყად დარეკოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში – ჩააწერინოს თავისი შემოსავალი, მოითხოვოს საშემოსავლო დეკლარაციის შევსება და ამაყად დაელოდოს საგადასახადო აგენტს! აჯობებს, გულზე დაიკიდოს წარწერა – „წაიკითხეთ! გშურდეთ! მე – დასაქმებული მათხოვარი ვარ!“
ვინმე შემისწორებს, რომ მათხოვარი შინამეურნეობაში არ მუშაობს? მერე რა, შემოვიღოთ ”გარემეურნეობის” ცნება და ჩავთვალოთ, რომ მათხოვრის ირგვლიც 3 კვადრატული მეტრი მისი გარემეურნეობაა, ისევე როგორც მიწის გადასასვლელი – იქ მდგომი უმუშევარი მუსიკოსის გარემეურნეობა! და გავუტოლოთ ისინი დასაქმების თვალსაზრისით ასევე მათხოვარ რუსუდან კერვალიშვილს, რომელმაც 6000 ადამიანს აახია ”შესაწირავი” ან სოფო ნიჟარაძეს, რომელიც ასევე ხელოვნების მსახურია – პრეზიდენტის მომსახურების პარალელურად, რასაკვირველია…
ყოველთვის, როცა ტყეში მაყვალს ან სოკოს მოკრეფთ, დარეკეთ და აცნობეთ, რომ დასაქმდით! ოღონდ არ შეგეშალოთ და იქ არ დარეკოთ, საიდანაც მალე მოგაკითხავენ და მოკლე ხნით დასაქმებულიდან დიდი ხნით სასჯელმისჯილის სტატუსში გადაგიყვანენ!
თუ თქვენ არაყს ხდით – ანუ პრეზიდენტს მიბაძეთ და ”ზაოტობა” გაქვთ, დალიეთ თქვენი შრომის პროდუქტი, მიიღეთ სარგებელი ნატურით და შექეიფიანებულზე (პახმელიამდე მაინც) თავი დასაქმებულად იგრძენით! არ დაგავიწყდეთ, რომ ჭიქა მაღლა ასწიოთ და წრფელი გრძნობით ახსენოთ ის ადამიანები და მათი მოკეთეები, ვინც თქვენ ასეთი არნახული დასაქმების ბედნიერება გაჩუქათ!
და თუ მეუღლეს ბაზარში წაყვებით, იქედან ყველს წამოაღებინებთ და სახლში ამ ყველის მომცრო ნაჭერი თქვენც შეგხვდებათ, ჩათვალეთ, რომ შინამეურნეობაში დასაქმდით! გააფორმეთ კონტრაქტი მეუღლესთან, რომ კვირაში ერთხელ – 1 საათით მაინც მოგეცემათ ასეთი ბედნიერება და მიაფურთხეთ უმუშევრის სტატუსს!
დაბოლოს, თუ ეს გზები არ მოგწონთ და მაინც ვერ დასაქმდით, სახლში კვირაში ერთხელ მტვერი მაინც რომ გადაწმინდოთ?! ანდა მოეფერეთ ბავშვს, ჩაეხუტეთ და მიიღეთ მისგან ნატურალურ-მორალური სარგებელი სიყვარულის სახით! - უკვე დასაქმებული იქნებით, და ზედმეტად აღარ იფიქრებთ იმაზე, ბოლოს როდის შეძელით მისთვის სათამაშოს ყიდვა!
ნუთუ ასე ძნელია, რომ კრეატიულად დავსაქმდეთ?! ნუთუ სულ სახელმწიფოს უნდა შევყურებდეთ ხელებში? ხომ ვხედავთ, გიგი უგულავა რა მრავალფეროვნად ცდილობს საკუთარი დასაქმების კოეფიციენტის ამაღლებას? ხომ ვხედავთ, მიშა თვითმფრინავის მართვას და არქიტექტორობას, მეღვინეობას და მძღოლობას, ზეინკლობას და პრეზიდენტობას რომ შივასავით ერთდროულად ასწრებს… ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება? რატომ ვერ ვახერხებთ, რომ ასე ადვილად დასაქმების შანსის მომცემ სამოთხეში ჩვენივე ფანტაზიით დავსაქმდეთ და შევამციროთ ეს დაწყევლილი უმუშევრობის მაჩვენებელი!!!
თუ ოჯახში ვინმე უმუშევარია, განა ძნელია, რომ ლექსი წავაკითხოთ კვირაში ერთხელ? ან ვამღეროთ „მიშა მაგარია“ და ფული არ გვაქვს, რომ გადავუხადოთ, ნატურით მაინც დავტკბეთ ხელოვნების დიადი ძალით?
ძვირფასო თანამოქალაქეებო! ავიტაცოთ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინოვაცია და მსოფლიოში პირველად გამოვაცხადოთ დასაქმების ქუდზე ქალის, კაცის და 15 წლიდან მოზარდების საერთო-სახალხო მობილიზაცია!
დავუდგეთ გვერდში ჩვენზე მარად მზრუნველ დიად პარტიას! – არცერთი დაუსაქმებელი ჩვენს გვერდით!!!
„გათენდა!.. შეერთდით!.. შეერთდით!.. შეერთდით!..
დასაქმდით!.. დასაქმდით!.. დასაქმდით!.. ყველა!..“