3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "ადმინისტრაციული საზღვრის" მიმდებარე სოფლებში დაწყებული მავთულხლართების ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის.
ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ დიცში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. შსს-ს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათ რამდენიმე დღის წინ რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან უკანონოდ დაწყებული, მავთულხლართების გაბმისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნული პროცესები 31 მაისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილება.