საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, "საჭიროა, ხელისუფლებამ გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა მკაცრი გაფრთხილება მიეცეს რუსეთს".
ამის შესახებ ქუთელიამ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ვიდრე საქართველოს არ ექნება უსაფრთხოების მყარი გარანტიები, როგორიცაა საქართველოს წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციებში, ამ შემთხვევაში ნატო-ში, მანამადე რუსეთის აგრესიის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართვა პროცესში, მათი ინფორმირება. როდესაც ასეთი ღია აგრესიული ქმედებები ხორციელდება ჩვენს ტერიტორიაზე, ამისათვის საჭიროა, ხელისუფლებამ, მთავრობამ გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რათა ეს იყოს აღკვეთილი და მკაცრი გაფრთხილება მიეცეს რუსეთს", - განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, "ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთში ახორციელებენ, ქვეყნის ხელისუფლების მითითებით ხდება, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ორმხრივი სახელმწიფო შეთანხმების თანახმად იმყოფებიან".
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საუბარი აღნიშნულ თემას არ შეეხება.