საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ლავრენტი ბერიას უწოდებს.
როგორც წიკლაურმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნივერსიტეტების სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილების ეხება.
წიკლაურის თქმით, ეს განხილვა პოლიტიკურ კონტექსტში გადავიდა.
"არ მახსენდება ისტორიაში მომენტი, რომ განათლების მინისტრს თავისი საქმიანობა უნივერსიტეტის გაუქმებით დაეწყოს. ესაა ის მინისტრი, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელიც ამბობს, რომ თქვენ ხართ რუსული პროექტი. ამ მცდელობით, რომ გადალახოთ პრეზიდენტის ვეტო თქვენ თავისუფლებას ართმევთ უნივერსიტეტებს, ისევე, როგორც თავისუფლება წაართვით რეგიონის მაცხოვრებლებს და პრაქტიკულად გაანადგურეთ თვითმმაართველობები. თქვენ გინდათ გააუქმოთ იუსტიციის საბჭოები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო, თქვენ გინდათ გააუქმოთ ქართველი ხალხი ამ ქვეყანაში და ყველაფერი დაუქვემდებაროთ თქვენს პოლიტიკურ სურვილს. ამას აკეთებდა ლავრენტი ბერია და თანამედროვე ლავრენტი ბერია არის დღეს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი. თქვენ გაქვთ ბოლშევიკური მიდგომები. ეს მიდგომები ახასიათებს პირველ რიგში ხელისუფლების სათავეში მყოფ პირს და შემდეგ ყველა ვერტიკალში, მათ შორის საკანონმდებლოში. აქ ბევრჯერ ითქვა, რომ დაინგრა განათლების სისტემა ბოლო წლებში. რას მისტირით, რომელ განათლების სისტემას მისტირით? იმ განათლების სისტემას, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო და რომლის ძალითაც შეგეძლო ივანე ჯავახიშვილი შინაპატიმრობაში გყოლოდა, რომლის ძალითაც პავლე ინგოროყვას არ აღირსეს, რომ პროფესორი იყო. მაგრამ თქვენ არ ხართ ივანე ჯავახიშვილის ხალხი, თქვენ ხართ კოლექტიური როინ მეტრეველი!", - განაცხადა წიკლაურმა.