527 პარლამენტარი 23-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ევროპარლამენტმა რეზოლუცია, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად. აქვეა მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დაასრულოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.
ამასთან, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პრობლემებს - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას თუ დიალოგს ოპოზიციასთან.
ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ჩამოყალიბდა ისეთი კონკრეტული მოთხოვნები , როგორიცაა: დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები ადვოკატების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტების გამოძიებისათვის; შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დასაჯოს დამნაშავეები; უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება;
ამ მიზნით: ა) საშუალება მისცეს მედიას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე დამოუკიდებლად და ობიექტურად წარმართოს საკუთარი საქმიანობა; ბ) ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში პოლიტიკურ ოპოზიციასთან,
პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს სასამართლო რეფორმას მისი სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რათა აღმოიფხვრას ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების და პოლიტიკური უფლებების შელახვა; გააუმჯობესოს პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; შექმნას სათანადო პირობები ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი უფლებები და სტანდარტები.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თითქმის ერთხმად დამტკიცებული ანგარიში ევროპარლამენტის სხდომაზე კოლეგებს თავად ავტორმა, კშიშტოფ ლიზეკმა, წარუდგინა და იქვე ისიც განმარტა, რომ რეზოლუციის პროექტში ასახული საკითხები კავშირშია საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ ფუნქციონირებასთან და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგებთან.
კშიშტოფ ლიზეკი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სახელი უნდა დაერქვას:
„ჩვენ ამას მივიჩნევთ ოკუპაციად და ვთვლით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა აღიარებული უნდა იქნეს ოკუპაციად. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არის ამ ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი.“
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით.
რამაზ საყვარელიძე: უმნიშვნელოვანესია თვითონ ფაქტი და ევროპარლამენტის რეზოლუციის ფორმულირებები. შეუძლებელია ეს წარმატებად არ შეფასდეს. თუმცა, გადაჭარბებაც, ალბათ, ზედმეტი გახლავთ.
ევროპარლამენტის შეფასებას ლამის გამარჯვებად და ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტად რომ მიიჩნევენ, ცოტა გადამლაშებულად მეჩვენება. უდავოდ დადებითი ფაქტია, ოღონდ პრობლემების გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ დიდი და საკმაოდ რთული გზაა გასავლელი.
ეჭვგარეშეა, რუსეთს შეუძლია ევროპასაც გაუწიოს წინააღმდეგობა და ამერიკასაც.
მოსკოვიდან ამის თაობაზე პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა. ისინი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშულებენ და რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. რა ეტაპზე უნდა ველოდოთ გარკვეულ შედეგებს დეოკუპაციის თვალსაზრისით?
– მსოფლიო სურათს თვალს თუ გადავავლებთ, ძალიან ცოტა შემთხვევაა, როდესაც ასეთ შეფასებებს რეალური ნაბიჯები მოჰყვა. შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგა, როდესაც დასავლეთი ამ კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებაში დაინტერესებული იყო. დემოკრატიის პრინციპების დაცვის გარდა, ხშირად ეს გეოპოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი.
ჩვენს შემთხვევაში იქნება თუ არა ასე დაინტერესებული დასავლეთი, ამას დრო და გარემოებები გვიჩვენებს; ამასთან, იქნება თუ არა დასავლეთი მზად, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით რუსეთს დაუპირისპირდეს, ესეც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
ანალოგიური სიმძაფრის შემთხვევა, როდესაც ევროპა თავისი გადაწყვეტილებით ზესახელმწიფოს უპირისპირდება, მე მაგალითად არ მახსენდება.
რაც შეეხება რეზოლუციის მეორე მნიშვნელოვან ნაწილს, სადაც საუბარია საქართველოში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე – სასამართლოზე, ადვოკატებზე, მედიაზე და ა.შ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო...
– ამ სფეროში კრიტიკა პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ანალოგიური შენიშვნები უკვე არაერთხელ მოგვცეს. ერთ–ერთი ასეთი მტკივნეული შენიშვნა იყო ნატოს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ყბადაღებული „მაპი“ არ მოგვცეს. ეს სწორედ იმ მოტივით მოხდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, პირველ რიგში სასამართლო სისტემა არის დასახვეწი.
ასე რომ, მათი შენიშვნები პირველი არ არის და სავარაუდოა, რომ არც უკანასკნელი იქნება. შედეგიც ვიცით, როგორი გვაქვს.
სამწუხაროდ, დასავლეთმა დემოკრატიის დეფიციტის პირობებში შენიშვნების კეთება კარგად იცის. ოღონდ არ იცის და არც ინსტრუმენტები აქვს, როგორ აიძულოს ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის სტანდარტებს არ იცავს.
ეს რუსეთსაც ეხება. მოსკოვის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ამ თვალსაზრისით უამრავი ანალოგიური შენიშვნებია გაჟღერებული. ასევეა უფრო პატარა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც.
ამ სიტუაციაში საქართველოსთვის, ქვეყნის საზოგადოებისთვის გამოსავალი რაში მდგომარეობს. იმ ფონზე, როდესაც ევროპელების კეთილი რჩევები ცარიელ სიტყვებად რჩება და რეალური შედეგები არ მოჰყვება?
– საქართველომ თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს. ამ შემთხვევაში ევროპა როგორც ექსპერტი ისე მოქმედებს. სპეციალისტს რომ მოიწვევ და მაგალითად კაშხლის მშენებლობაზე ეკითხები, ის ხელებს არ დაიკაპიწებს და აშენებას არ დაიწყებს. ის ამისთვის სათანადო რჩევებს გაძლევს. დანარჩენი შენს შნოზე და მარიფათზეა დამოკიდებული.
საბოლოოდ კაშხალს თუ ვერ ააშენებ, ეს უკვე არა ექსპერტის, არამედ შენი უნიათობის პრობლემაა.
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85