გაიზიარებს თუ არა ევროპა სსრკ-ს ბედს?

გაიზიარებს თუ არა ევროპა სსრკ-ს ბედს?


მათ, ვინც 1980-იან წლებში ყურადღებით აკვირდებოდა საბჭოთა იმპერიის ჯერ დაცემას, შემდეგ კი დაშლას, არ შეიძლება გარკვეული გასაოცარი პარალელები არ გაავლონ ევროკავშირში შექმნილ დღევანდელ სიტუაციასთან. მსგავსი განცხადება შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მით უფრო, რომ საბჭოთა იმპერიის დასასრული აღქმული იყო, როგორც გათავისუფლება, იმ განცდისგან განსხვავებით, რაც ჩვენი კავშირის დანგრევას შეიძლება მოჰყვეს.

მიუხედავად ამისა, დაცემისკენ მიმართული ამ პროცესების შედარება აბსოლუტურად შესაძლებელია. ორივე შემთხვევაში ჩვენ თვალს ვადევნებთ ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას და ეკონომიკური ზრდის ეროზიას, მიუხედავად ამ ორ სისტემას შორის არსებული ყველა სხვაობისა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის სირთულეები, რაც დაკავშირებულია მოქმედი იდეოლოგიური და პოლიტიკური პროექტებისთვის განუყოფელ წინააღმდეგობებთან. ევროკავშირის შემთხვევაში ფუძემდებლური იდეოლოგია „ამის დაშვება აღარ შეიძლება“, რაც ორი მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული, სულ უფრო მიუღებელი ხდება ახალი თაობებისთვის: როგორ შეიძლება „ერთობლივი ცხოვრების“ აგება არა ვიღაც სხვისადმი, არამედ საკუთარი თავისადმი შიშის საფუძველზე?

პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროპამ დღემდე ვერ შეძლო საკუთარი დემოსის პოვნა, მისი ინსტიტუტები კი საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობას, უარესში კი მიუღებლობას აწყდებიან. რაც შეეხება სტრატეგიულ სფეროს, ევროპამ არამხოლოდ მოწინააღმდეგე, არამედ მკაფიო საზღვრებიც დაკარგა: ადრე ჩვენი პროექტი შემოსაზღვრული იყო რკინის ფარდით, მაგრამ როგორ გავიგოთ დღეს სადამდე გრძელდება ის და რატომ? და ბოლოს (სწორედ ამაშია ევროკავშირის დღევანდელი ეგზისტენციალური კრიზისის მიზეზი) ჩვენ ერთიანი ვალუტა ისე მივიღეთ, რომ იმავდროულად არ შევქმენით მართვის არანაირი ფედერალური ინსტრუმენტები და საგადასახადო მექანიზმები, რის გარეშეც ევროს მომავალი უბრალოდ ვერ ექნება.

ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, პორტუგალია და ფინეთი არიან და დარჩებიან ისეთივე განსხვავებულ ქვეყნებად, როგორებიცაა, მაგალითად ალაბამა და ალიასკა, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი და სან-პაულუ. ჩვენგან განსხვავებით, ინდოეთი, ბრაზილია ან აშშ ფედერალური ინსტიტუტების წყალობით, წარმატებით უმკლავდებიან ჩვენთვის დამახასიათებელ რეგიონალურ სხვაობებს. და როგორც ეს გორბაჩოვის ეპოქის სსრკ-ში (1986-1991) იყო, წინააღმდეგობრივი სისტემის გადალახვის თითოეული ევროპული ინიციატივა ძალიან გვიან ჩნდება: ზუსტად ისევე, როგორც „გლასნოსტი“ და „პერესტროიკა“, „გადარჩენის“ ევროპული გეგემები ერთი მეორეს მოსდევს.

ყველა ამ ინიციატივის მარცხი არამხოლოდ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების და ევროპელი ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობით და დაუდევრობით აიხსნება, არამედ თავად იმ წინააღმდეგობათა ბუნებით, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ ჩვენი ქვეყნები: იმის გაცნობიერებას, რომ ფედერალური ინსტიტუტების გარეშე ევროს მომავალი არ აქვს, ეწინააღმდეგება ის, რომ ჩვენი ერებისა და ლიდერებისთვის ფედერალური გადაწყვეტილებები მიუღებელია.

ევროკავშირის დაშლის შესაძლებლობას შემდეგი პარადოქსი ამყარებს. ერთი მხრივ, ევროს გაქრობის შემთხვევაში ევროკავშირს საფრთხე დაემუქრება: ეს მოსაზრება, რომელიც 2010 წელს ვან რომპეიმ და მერკელმა გამოთქვეს, ახლახანს კი სარკოზიმ გაიმეორა, აბსოლუტურად გამართლებულია. ევროს არარსებობის შემთხვევაში და მთელი რიგი დევალვაციური პროცესების ფონზე, ერთიანი ბაზარი დიდხანს ვერ შენარჩუნდება, ისევე როგორც, გადაადგილების და საცხოვრებლის არჩევის თავისუფლება.

ეგოისტური მისწრაფებების ერთობლიობა, რომელიც ევროს კრახს უძღოდა წინ, თავის თავს გამოავლენს და მაშინ, როდესაც საუბარი დაიწყება რაღაც ახლის აშენებაზე მის ნანგრევებზე. მეორე მხრივ, ევროს შეუძლია მხოლოდ ევროზონის წევრი-სახელმწიფოების ფედერალური შეთანხმების გადარჩენა. მიუხედავად ამისა, ევროზონის პოლიტიკური ხელისუფლებები და ინსტიტუტები ფედერალური გადასახადითა და არსებითი ბიუჯეტით, ნამდვილად ვერ იქნებიან ევროკავშირის დღევანდელი ხელისუფლებები და ინსტიტუტები.

მაშინ რა დატვირთვა აქვს ზოგადევროპულ მიღწევებს მსგავს პირობებში, თუკი არსებობს ასეთი გადაულახავი ინსტიტუციონალური და პოლიტიკური სხვაობები ფედერალურ ბირთვს და ქვეყნებს შორის, რომლებიც პრინციპში ევროს კუთვნილებაზე უარს აცხადებენ? შეძლებს კი ევროკავშირი არსებითი როლის შენარჩუნებას ასეთი ტრანსფორმაციის პირობებში, რომლის ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, გაიზიარებს თუ არა ევროზონა ფედერალური ინსტიტუტების იდეებს, რისი მიღწევაც მარტივი არ არის?

თუკი ევრო დაიღუპება, ის კავშირსაც თან გაიყოლებს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი ის აღორძინდება და ძალას მოიკრებს, ეს ევროკავშირის გადარჩენის გარანტია ვერ იქნება. თითოეული ამ სცენარის სტრატეგიული შედეგი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული იქნება. პრეზიდენტ სარკოზის შეშფოთების მიუხედავად, რაც მან ამ წლის აგვისტოში ელჩების წინაშე გამოსვლისას გამოთქვა, ევროს და კავშირის კრახი წარსულის ომებთან დაბრუნების მაცნე არ იქნება. ეს კონფლიქტები დინამიკური ევროპული სახელმწიფოების ჰეგემონისტური მიდრეკილებებიდან გამომდინარეობდა და არა დაცემის პროცესში მყოფი სახელმწიფოების სისუსტისგან. თუკი, ასე ძალიან გინდათ საკუთარი თავის შეშინება, სჯობს 1990-იანი წლების ბალკანეთი გაიხსენოთ.

ჩვენი ერები, რომლებსაც მეოცე საუკუნის ტრაგედიების მწარე გამოცდილება აქვთ, ძველ შეცდომებს არ გაიმეორებენ. მათი ხვედრი, როგორც ჩანს, უფრო დაცემა და დამოკიდებულება იქნება. ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ძველი და ახალი დიდი სახელმწიფოების მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა ევროს გადარჩენა ფედერალური ევროზონის შექმნის გზით, სხვა სტრატეგიულ საკითხებსაც აყენებს. როგორ შეიძლება საერთოევროპული თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავება, თუკი დიდი ბრიტანეთი თამაშის გარეთ რჩება, ხოლო ჩვენი ქვეყნის შეხედულებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების უმრავლესობის გეგმებზე ბევრად შორს მიდის? როგორ შეიძლება იმის თავიდან აცილება, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები არ დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ, ბუფერის სტატუსს დასავლეთ ევროპას და რუსეთს შორის? ევროს გადარჩენა ჩვენთვის ახალი კავშირის აშენების შანსია.

ისღა დაგვრჩა, გავიგოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთზე მეტის მიღწევას, რომელმაც ის მაინც შეძლო, რომ საბჭოთა იმპერიის ნარჩენები აღადგინა, თუმცა ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოებებში, რომელთა თავიდან აცილებაც უკეთესი იქნებოდა.
foreignpress.ge