გიორგი ფუტკარაძე, "რეზონანსი"
გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში ორი თვის წინათ საეჭვო ვითარებაში დაღუპული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, სერგო თეთრაძის გარდაცვალებაზე აღძრული საქმის დეტალები კვლავ გასაიდუმლოებული რჩება. სასჯელაღსრულების სამინისტრომ "რეზონანსის" კითხვებს, რომელიც აღნიშნული საქმის დეტალებს ეხებოდა, პასუხი არ გასცა. უცნობია ექსპერტიზის შედეგებიც.
საიდუმლო გრიფი ადევს თეთრაძის დაკავების საქმეს (ორი თვის წინ ის, სავარაუდოდ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს) და თავდაცვის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თეთრაძის ოჯახი კი კვლავ დუმილს ამჯობინებს.
თეთრაძე ავღანეთის ომის ვეტერანი იყო. ის 2006 წლამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელად მუშაობდა, მანამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე (90-იან წლებში). 2006 წლიდან კი პენსიაზე გავიდა.
2011 წლის 17 სექტემბერს (ამ დღეს თეთრაძე 57 წლის გახდა) დილის 6:30 საათზე, თეთრაძეს საკუთარ ბინაში, სადაც ის მეუღლესთან, შვილთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობდა, თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის იყვნენ გამომძიებლები გიორგი ხევსური და ზურა გოგიჩაიშვილი, რომლებიც ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. სერგო თეთრაძის მეუღლემ - ნანამ მათ სხოვა, რომ თავად გააღვიძებდა მეუღლეს, რადგან იმ მომენტში ოჯახში მისი 14 წლის შვილი და მოხუცი დედა იმყოფებოდნენ.
ბინის ჩხრეკაზე დამსწრეები არ მოიწვიეს. ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი ფლეშკა, თავად სერგო თეთრაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს ფლეშკა მას არ ეკუთვნოდა. რა ინფორმაცია ინახებოდა ფლეშკაზე, უცნობია.
გიორგი ხევსურმა ჩხრეკის ოქმი შეადგინა, თუმცა თეთრაძის მეუღლემ ხელი არ მოაწერა. პირველი ჩხრეკის შედეგად სერგო თეთრაძე დააკავეს და წაიყვანეს.
აღნიშნულ თემაზე თეთრაძის ოჯახი არ საუბრობს, თუმცა ინფორმაცია პირველად პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" გააჟღერეს. ისინი თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. პარტიის წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვება გაუჭირდათ, რადგან ოჯახი კატეგორიულად იკავებს თავს რაიმე სახის კომენტარისგან, ახლობლები კი მხოლოდ პრივატულ საუბრებში იხსენებენ დეტალებს.
"დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, ჯგუფი სახლში შემოიჭრა, 15-20 - კაციანი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი (ელიავას მუშებს ჰგავდნენო, ამბობენ მეზობლები), თან მხოლოდ ერთი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ახლდათ, რომელიც უხეშად მიმართავდა ოჯახის წევრებს. ჯგუფის წევრები ერთმანეთში მეგრულად საუბრობდნენ და ნანა თეთრაძის თხოვნის მიუხედავად, ქართულად არ დაილაპარაკეს. ისინი სარდაფში ჩაცვივდნენ და დაიწყეს ძებნა. ვერაფერი აღმოაჩინეს. ბოლოს, წასვლისას, ერთ-ერთმა მათგანმა, შეკრებილი მეზობლების თვალწინ ხელში ასწია ტომარა, გადმოაბრუნა და იქიდან გადმოვარდა ერთი მჭიდი ერთი ვაზნით", - ამბობს წულუკიანი.
იმავე დღეს დაახლოებით ოთხ საათზე, თეთრაძის მეუღლე გიორგი ხევსურს დაუკავშირდა და ქმრის ამბავი იკითხა. გამომძიებელმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა, რადგან სერგო თეთრაძე ,,უფროსს ჰყავდა ზევით აყვანილი".
იმავე დღეს, საღამოს, ახლობლებმა და მეგობრებმა სერგო თეთრაძეს ადვოკატი - თამარ (თამილა) იასეიშვილი მიუყვანეს თავდაცვის სამინისტროს შენობაში. როდესაც ადვოკატი უკან გამოვიდა, ცრემლებს ვერ იკავებდა. იასეიშვილის თქმით, თეთრაძე სასტიკად ნაცემი იყო.
18 სექტემბერს სერგო თეთრაძე დიღომში, ცენტრალური სამმართველოს დროებითი დაკავების კამერაში გადაიყვანეს, სადაც მეუღლემ მას საჭმელი და ტანსაცმელი მიუტანა.
დაკავებულს ბრალი, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში დაედო, თუმცა საქმის დეტალები უცნობია. თავდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე ამ საქმეზე რაიმე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. საქმეს კი საიდუმლო გრიფი ადევს.
19 სექტემბერს ადვოკატმა ოჯახს აცნობა, საღამოს სასამართლოში 18 საათზე სხდომა გაიმართება, იქ მოდით და ეგებ ნახოთო. რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა დახურულად გამოცხადდა. მეუღლემ და ახლობლებმა, სხდომის დარბაზის შემინული კარებიდან დაინახეს, რომ საქმეზე თეთრაძესთან ერთად სამი კაცი გადიოდა. თეთრაძე ვერც ერთმა ახლობელმა ვერ იცნო, რადგან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
ოჯახი მას შენობის გასასვლელთან დაუდარაჯდა და შეამჩნია, რომ ძლივს დადიოდა. თვითონ თეთრაძის მეუღლეს ხელის არათითი აჩვენა და ეკითხებოდა, ბეჭედი თუ დაგიბრუნესო. მეუღლემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
უკვე 24 სექტემბერს, საღამოს, გლდანის ციხიდან სერგო თეთრაძის დედას დაურეკეს, რომელიც ავლაბარში ცხოვრობს და არც კი იცოდა მისი შვილის დაპატიმრების შესახებ. მას აცნობეს, რომ სერგო თეთრაძე ციხეში ინფარქტით დაიღუპა და შეეძლოთ ცხედარი წაესვენებინათ.
გარდაცვალების ცნობის მიხედვით, სერგო თეთრაძე 23 სექტემბერს გარდაიცვალა. ის გლდანის ციხეში კარანტინში ჰყავდათ და როცა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუუარესდა, იქვე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ოჯახმა როდესაც ცხედარი შინ მოასვენა, ნახეს, რომ ექსპერტიზა უკვე ჩატარებული იყო, ხოლო ნაცემი სახე სქელი ფენა მაკიაჟით იყო დაფარული, ცხედარს სხვისი ტანსაცმელი ეცვა და ახლად გარეცხილ ბოტასებზე სისხლის კვალი ჩანდა", - ამბობს წულუკიანი.
მეზობლების თქმით, სერგო თეთრაძე ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო, ძველი სამხედრო მუდამ ვარჯიშობდა ტურნიკეზე და ჰანტელებით. ბოლო დროს მხოლოდ წნევის დამარეგულირებელ წამალს სვამდა პრევენციის მიზნით.
თეთრაძის გარდაცვალების თაობაზე ახლობლებს ბევრი კითხვა აქვთ, მათი ვარაუდით, თეთრაძე მოკლეს. სიკვდილის ფაქტზე გამოძიებას სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი ვაკო გოგიშვილი აწარმოებს, თუმცა, დასრულდა თუ არა გამოძიება, პასუხისგან სასჯელაღსრულების სამინისტრო თავს იკავებს.
1050
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85