მარკ მალენი - "მთავრობას ეშინია და ვფიქრობ, მათ არ აქვთ შიშის ბევრი მიზეზი - დიდი პოლიტიკური მოთამაშის ყოლა საქართველოსთვის კარგია"
"მარკ მალენი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის შტატ ტეხასიდან, კერძოდ, დალასიდან არის და საქართველოში საცხოვრებლად პირველად 1997 წელს გადმოვიდა. მაშინ ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) ოფისის ხელმძღვანელი იყო საქართველოში. 2006-2007 წლებში ლონდონში ცხოვრობდა, ამჟამად კვლავაც საქართველოში ცხოვრობს. პროფესიით ისტორიკოსია. მას მიაჩნია, რომ ბევრი გამოწვევაა ახლა საქართველოსთვის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რაც გვაკლია, ესაა ნამდვილი საინტერესო პოლიტიკური დისკუსია" / ინტერვიუ მარკ მალენთან.
"დიახ, ვცხოვრობდი პალესტინაში, იაპონიაში, ლონდონში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. მაგრამ მართლა ძალიან მომწონს საქართველო. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს ქვეყანა. როგორც წესი, უცხოელები სხვა ქვეყანაში სამი-ოთხი წლით მიდიან საცხოვრებლად. ოთხი წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ხალხი მეკითხებოდა - "კიდევ აქ ხარ?" - "დიახ, არსად არ მოვდივარ. მე მომწონს და სახლი მაქვს აქ". ის დრო იყო, როცა მთავრობა იცვლებოდა - 2003 წელს. არის ადგილები - ლონდონი, სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, პარიზი - სადაც უცხოელი მიდის, ერთობა, რადგან მოსწონთ იქ. მაგრამ ასეთი ხალხი არ არის მოსკოვში, ბაქოში, ბუქარესტში ან იოჰანესბურგში - თუ უცხოელი ხარ და იქ ცხოვრობ, სავარაუდოდ, კონკრეტული მიზეზი გაქვს იქ ცხოვრებისა. მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელია, ვინც აქ ცხოვრობს იმიტომ, რომ უბრალოდ მოსწონს!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარკ მალენი.
"ეს არ ნიშნავს, რომ მთელ დარჩენილ ცხოვრებას აქ გავატარებ, მაგრამ უბრალოდ ვერ ვნახე ძალიან კარგი მიზეზი იმისთვის, რომ წავიდე. მე დალასიდან ვარ, ტეხასიდან და ეს არ არის ძალიან საინტერესო ადგილი - გულწრფელად ვამბობ. მიყვარს ნიუ-იორკი, ამერიკელი ვარ და ამერიკა შესანიშნავია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო ისეთი ისტორიულია, ისეთი საინტერესო, დინამიკური. იმდენი რამ ხდება აქ, ბევრ ცვლილებას ხედავ. როცა დალასში მოვდივარ, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც 30 წლის წინ იყო... ვგრძნობ, თითქოს ბევრი რამის გაკეთება შემიძლია აქაურობისთვის - ეს ადგილი ძალიან კარგად ვიცი, ვიცი ხალხი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო ჩემთვის. აქ 1997 წლიდან გადმოვედი და დღევანდელი ვითარება ძალიან ბევრად უკეთესია. მე ვწერ სტატიებს, "ლიბერალში" მაქვს სვეტი და ყოველთვის ვაკრიტიკებ აქაურ მთავრობას. მაგრამ თუ ვინმე არ აღიარებს, რომ 1000-ჯერ უკეთესია ახლა, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო, მე მათთვის ბევრი დრო არ მაქვს, რადგანაც თითქმის ყველა სტანდარტით უკეთესია, რა შესაძლებელი გზებითაც არ უნდა შეხედო ამას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბევრი გამოწვევაა ახლა საქართველოსთვის და არ ვიცი, როგორ გაართმევენ ამ ყველაფერს თავს. მე აქ ვიყავი 2003 წელს და ხალხი ნამდვილად ღელავდა. იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, "შენ თავს იტყუებ, გიჟი ხარ, საქართველოში დემოკრატია არ არის და ვერც იქნება, შენ ამას ვერ გააკეთებ, უბრალოდ, დროს ფლანგავ". მაგრამ მჯეროდა, რომ საქართველო ამას შეძლებდა და შეძლო. ვარდების რევოლუცია შესანიშნავი აღმოჩნდა - ვგულისხმობ, რომ არავინ დაშავებულა. ქართველმა ხალხმა შეძლო ეს. ვიცი, რომ პუტინი და კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სოროსის შეთქმულება - თუმცა ყველამ, ვინც აქ იყო, იცის, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს და მათ უდიდესი რამ შეძლეს, ის, რითაც ყველა უნდა ამაყობდეს. ფანტასტიკურია, როცა ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ", - დასძენს მარკ მალენი და შეკითხვას - "შეგიძლიათ, ცოტა რამ გვითხრათ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით?" - პასუხობს:
"ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივია. მე არ ვიცნობ მას, არასდროს შევხვედრივარ. მგონია, რომ ის უცნაურ რაღაცებს ამბობს. ვფიქრობ, არ არის მიჩვეული პოლიტიკასა და საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენას. თუმცა პოლიტიკური კონკურენცია ძალიან კარგია. ცოტა სევდის მომგვრელია, როგორი აღტაცებულია ოპოზიცია მისი გამოჩენით, თითქოს იესო გამოჩნდა მთაზე. ეს რაღაც ცუდს წარმოაჩენს ამ კუთხით და ვფიქრობ, მთავრობის ქცევებიც სიგიჟისკენ მიდის. ვგულისხმობ იმ ორ ადამიანს, რომლებმაც საკრებულოში ადგილი დაკარგეს, ეს სასაცილოა, კიდევ ფულის გათეთრებისა და "ქართუ ბანკის" ამბები. ეს კარგად არ მეტყველებს მთავრობის დამოკიდებულებაზე. მათ ეშინიათ და ვფიქრობ, მათ არ აქვთ შიშის ბევრი მიზეზი. დიდი პოლიტიკური მოთამაშის ყოლა საქართველოსთვის კარგია. რაც გვაკლია, ეს არის ნამდვილი საინტერესო პოლიტიკური დისკუსია - მე ვიცდი, როდის დაიწყება ასეთ საკითხებზე საუბარი და ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება".