ლაშა ნაცვლიშვილი:

ლაშა ნაცვლიშვილი: "სააკაშვილმა ივანიშვილს წამებულის გვირგვინი დაადგა... "


"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე ჩვენ ვცხოვრობდით სულ სხვა პოლიტიკურ გარემოში. მიხეილ სააკაშვილის ერთპარტიული მონოპოლიური გარემო შეირყა. ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციისა და ბალანსის მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი წინა პირობაა. სააკაშვილს, როგორც ბუნებით მონოპოლისტს, აფრთხობს ეს ვითარება - მან ყველაფერი გააკეთა 2004 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე, რათა მიეღო ეს მონოპოლიური მდგომარეობა. მიიღო თამაშის წესები, სადაც მას გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება. ამისთვის მან დახარჯა შიდა და გარე ლეგიტიმაცია, დახარჯა ფული, შექმნა ლობისტური ჯგუფები, დაიწყო ძალადობა ხალხზე, თავისუფლებაზე, ბიზნესზე, ბოლოს სისხლიც დაღვარა. იმ დროს, როცა ეგონა, გავინაღდეო, როგორც აღმოჩნდა, "ბედი მდევარი" ურმით დასდევს", - აცხადებს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილმა ივანიშვილს წამებულის გვირგვინი დაადგა / თუ სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობას მისცემს, ინანებს, არ მისცემს - მაინც ინანებს.

"რასაკვირველია, ეს იყო შოკი მიხეილ სააკაშვილისთვის. მონოპოლისტური გარემოს დარღვევა და მისი რეაქციაც იყო პანიკური, ისტერიკული. სააკაშვილი ცდილობდა განედევნა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ველიდან, აღედგინა მონოპოლისტური ვითარება - ეს მცდელობები იყო ინტენსიური, მძაფრი, მას აჩნდა კვალი უკიდურესი გაღიზიანებისა, სიჩქარისა, ფაციფუცისა და აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული თავად ხელისუფლებისთვის. ამ ერთთვიანი კამპანიის შედეგად მიიღეს ის, რომ - ამაზე მინდა დავფიქრდეთ - ღარიბი საქართველოს ღარიბი მოქალაქეები მილიარდერ ივანიშვილს ფულს უგროვებდნენ... სააკაშვილმა წამებულის გვირგვინი დაადგა მილიარდერ ივანიშვილს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.

"რაც "ქართუ" ჯგუფთან დაკავშირებით ხდება, ესეც ერთი რიგიც მოვლენებია სააკაშვილის არსენალში. სააკაშვილი 90-იანი წლების მიწურულს ნიჭიერ და მრავალმხრივ ადამიანად წარდგა ქართველი საზოგადოების წინაშე. ამ მონოპოლიურ გარემოში დაუბლაგვდა და შეეზღუდა არსენალი - მის არსენალში დარჩა ძალადობა, რეპრესია, პროპაგანდა და პროვოკაცია. სხვა, ჯანსაღი მეთოდი კონკურენტთან გამკლავებისა მას აღარ დარჩა და ეს მისი ტრაგედიაა და პრობლემაა ქართული სახელმწიფოსი, რომლის ხელისუფლებას, გარდა ამ უზნეობისა, ძალადობის მუქარისა, ფინანსური ან სხვა ტიპის რეპრესიისა, მდარე პროვოკაციისა - სხვა არაფერი შერჩა. ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაინახა, რომ საქართველოში ცვლილებების მიღწევა, ხელისუფლების შეცვლა ივანიშვილის მეთაურობით შესაძლებელია მშვიდობიანი გზით და ის მზად არის, დაირაზმოს, უკანასკნელი გაიღოს - სააკაშვილი თუ თავმოყვარეა, სამსახურში აღარ უნდა დადიოდეს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ბატონი ბიძინა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე საქართველო ვერ მოიპოვებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას - ვეთანხმები. ნაციონალები რას აცხადებენ, არ მაინტერესებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ თანხვედრის წერტილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და განუხილველი დავტოვოთ ის, რაშიც ვერ ვთანხმდებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი აღიარებული საზღვრები - აქ ჩვენ და რუსეთს გვაქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები. ამ საკითხის გადავადების ფონზე უნდა ვცადოთ სხვა, ორივესთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვიპოვოთ თანხვედრა - მაგალითად, აგრესიული რელიგიური ფანატიზმი, საერთაშორისო ტერორიზმი, რომელიც კავკასიაშია, უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს? რა თქმა უნდა, უქმნის. ეს ხომ რუსეთისთვისაც საფრთხეა. ასევე საფრთხეა ორივე ქვეყნისთვის ნარკოტრაფიკი, კულტურული, ჰუმანიტარული, ეკონომიკური საკითხები. თუ ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესში შედის, რატომ გავწირო მოქალაქე, თუ არ ვარ მაზოხისტი?" - განაგრძობს ლაშა ნაცვლიშვილი.

"რუსეთს ტრავმირებული პოლიტიკური ელიტა ჰყავს. დღეს მას მართავს პოსტიმპერიული ტრავმირებული ელიტა პუტინის ხელმძღვანელობით. რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასი დიდხანს ილაპარაკებს დიდ სივრცეებზე, ვიდრე ოდესმე რუსეთი ყოფილა - ეს უნდა მივიღოთ, როგორც რეალობა. მაგრამ ჩვენ, პასუხისმგებლობით აღსავსე ხალხმა, უნდა ვცადოთ, ოდნავ გვერდი აუარო, იყო პრინციპული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ევრაზიის კავშირზე ილაპარაკებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთი ცხოვრობს იმპერიული ინტეგრაციის ნოსტალგიით - ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ველოდოთ ათეული წლები, როდის გაუვლის ეს პოსტტრავმული სინდრომი, თუ შეხების წერტილები ვიპოვოთ იქ, სადაც ეს შესაძლებელია? დასავლელმა მეგობრებმა გვირჩიეს "სტრატეგიული თმენა" - რას ნიშნავს ეს? იმას, რომ სადაც ჭრილობაა, იქ მარილი არ დავაყაროთ და არ დავაყაროთ არავის. რუსეთი მაინც ვერ გააკეთებს იმას, რაც უნდა, - ევრაზიის კია არა, საპლანეტთაშორისო კავშირი რომ გამოაცხადოს, მაინც არაფერი გამოუვა", - განმარტავს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

"არის ცუგცვანგი - კარგი სვლა ხელისუფლებას ივანიშვილის მიმართ არ დარჩა. სულელური ნაბიჯი გადადგა, არ დაუბრუნებს მოქალაქეობას - წამებული იქნება ივანიშვილი. მისცემს მოქალაქეობას და უნდა იღიაროს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია - რომ "დაჩმორების" კომპლექსი აქვს. არ გააკეთებს - ინანებს, გააკეთებს - მაინც ინანებს. მოუწევს მოქალაქეობის დაბრუნება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "რუსული პროექტია ივანიშვილიო, ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. რატომ არის ყველა არასასურველი ოპონენტი რუსული პროექტი?" - პასუხობს:

"რუსული პროექტი, იცით, რა არის? თუ რამეს ჰქვია რუსული ამ ქვეყანაში, ეს არის მცდელობა, ხელისუფალმა ძალაუფლება გაიგრძელოს. ეს არის სააკაშვილის მცდელობა, პუტინის ფინტი სხვადასხვა მოდიფიკაციით გაიმეოროს. აი, ამას ჰქვია რუსული პროექტი, რომელიც სისხლით მთავრდება. არაბულმა პროცესებმა ეს აჩვენა. თუ მშვიდობიანად არ შეიცვლება ხელისუფლება, ხალხი მას ძალით შეცვლის, ახლა თუ არა, ათი წლის მერე. ამიტომ ხელისუფლება უნდა ირჩეოდეს და იცვლებოდეს".