მიხეილ სააკაშვილი:  არასოდეს უნდა აგვერიოს, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე

მიხეილ სააკაშვილი: არასოდეს უნდა აგვერიოს, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე

საქართველოს პრეზიდენტი მტრისა და მოყვრის გარჩევის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

"ჩვენ არასოდეს უნდა აგვერიოს, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. რუსეთის ფედერაცია ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან გრძელვადიანად კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ამოცანა არ ყოფილა ცალკე აღებულ ქართულ არმიასთან ბრძოლა. მათ არ მოსწონდათ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და არ მოსწონთ საქართველოს არც ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს. მათთვის ფუნდამენტურად მიუღებელია ქართული სახელმწიფო; ამ ეტაპზე ასეა", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა და რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გარეშე შემოსვლის საშუალება მისცა, თუმცა რუსეთი "იმპერიულ მიზნებზე" უარს არ ამბობს.

"რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ჩვენი მეზობელი და ჩვენ ნამდვილად გვინდა მასთან კარგი ურთიერთობები. მე ვარ ამის პირველი მომხრე. თუმცა, რუსეთი, როგორც იმპერია, ისევე, როგორც ნებისმიერი იმპერია, რომელსაც აქვს რევიზიონისტულ-რევანშისტული მიზნები, საშიშია ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.