ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ იმას, რომ საქართველოში არ ყოფილა ანტისემიტიზმის არც ერთი შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მისი პირველი სტუმრობა ამ უნივერსიტეტში და ამავდროულად პირველი შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.
"მოხარული ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა. ჩვენ 26-საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ ასევე უნდა გავიხედოთ წინ და ეს ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს უდიდესი წარსული. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით ვიხსენებთ, რომ საქართველოში არ ყოფილა ანტისემიტიზმის არც ერთი შემთხვევა", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, სასურველია, რომ ისრაელმა და საქართველომ ერთმანეთის შესახებ კიდევ უფრო მეტი იცოდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა.
"ჩვენ ახლახან აღვნიშნეთ ისრაელის სახელმწიფოებრიობის 65 წლის იუბილე. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორიოდე დღის წინ აღინიშნა", -განაცხადა იუვალ ფუქსმა.