"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე წუხს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონის ვიზიტის ფარგლებში უმცირესობასთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ვერავინ გაიხსენებს ვერც ერთ ასეთ ვიზიტს გასულ წლებში, წინა ხელისუფების დროს, როდესაც ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ოპოზიციასთან შეხვედრას არ დაგეგმავდა.
"მინიონის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებამ ისე დაგეგმა, რომ ოფიციალურ გრაფიკში უმცირესობასთან შეხვედრა არ შეიყვანა. ძალიან სამწუხაროა და გაუგებარია მათი ასეთი საქციელი, ვინც ამ ვიზიტის დაგეგმაში მიიღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუმცა ჩვენ სათქმელს ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვეტყვით", - აღნიშნა ბარამიძემ.
დღეს საქართველოს, ორდღიანი ვიზიტით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი ეწვევა.
მინიონი თბილისში ბაქოდან ჩამოვა. ის თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. ვიზიტის მეორე დღეს - 29 მაისს, ჟან-კლოდ მინიონი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რენე სალინს შეხვდება. გაემგზავრება საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შეხვედრას მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს.
ჟან-კლოდ მინიონი თბილისს 29 მაისს დატოვებს, საიდანაც ერევანში გაემგზავრება.