დედაქალაქის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი 31 მაისს, საკრებულოს სხდომაზე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების მოთხოვნას დააყენებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განუცხადა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილი პარლამენტარები, მათი ოჯახის წევრები და სხვადასხვა თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოებში "დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს".
"სამეთვალყურეო საბჭოების არსებობა საერთოდ არ არის საჭირო, ეს არის ზედმეტი რგოლი, რომელიც ბიუჯეტს აწვება, თბილისელების ფულია, წელიწადში მილიონნახევარ ლარს ტყუილად ვიხდით, ეს ადამიანები 2500 ლარს გასამრჯელოდ თვეში არაფრის გულისთვის იღებენ", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულებს შორის არის პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი და არჩევნებამდე ხელისუფლებაში მყოფი სხვა პირები.