პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება საქართველოში ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად მყარ საფუძველს ქმნის.
ამის შესახებ ივანიშვილმა რუსთაველის თეატრში, დიასპორის დღესთან დაკავშირებით ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისასას განაცხადა.
"უკვე რამდენიმე წელიწადია, ჩვენ აღვნიშნავთ დიასპორის დღეს. 32 ქვეყანაში 1 მლნ 200 ათასი ჩვენი თანამემამულეა გაბნეული. უდიდესია მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავალი აღორძინების პროცესში, მათი ცოდნა, გამოცდილება, ინტელექტუალური პოტენციალი. ეს ხალხი განსაკუთრებით საინტერესოა თუნდაც იმით, რომ ახერხებს უცხო ქვეყნის კულტურის შეძენას, მათ ადათ-ჩვევებში ცხოვრობენ, სწავლობენ და იმავდროულად, ისინი ახერხებენ ჩვენი ტრადიციების დაცვას. გაჭირვებით ახერხებენ, შვილებს ქართული ენა შეუნარჩუნონ და ქართული ტრადიციები გადასცენ. ძალიან დიდი იქნება მათი წვლილი და ძალიან დიდია მათი პეტენცია ჩვენი ქვეყნის მომავალ აღმშენებლობაში. არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ საფრანგეთში ჩვენი პირველი ემიგრაციის, ლევილის მამულის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი დასრულდეს და მამული გადაეცეს საქართველოს. იქ საქართველოს მუზეუმი და ქართული ცენტრი დაფუძნდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა იმ ადამიანების შესახებაც ისაუბრა, რომელთაც უცხოეთში წასვლა ეკონომიური სიდუხჭირის გამო მოუწიათ.
"მე არ შემიშლია, არ გავიხსენო ემიგრაციის ის ნაწილი და განსაკუთრებით, ქალები, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი საზღვარგარეთ. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ ბევრი წარმატებული ქართველია. ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც შეუძლია, თავისი ნიჭი მსოფლიოს აჩვენოს. ისინი ასეც უნდა მოიქცნენ, თუმცა, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეცხოვრებოდეთ სამშობლოში. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სამუშაო ადგილები რამდენიმე თვეში ვერ შეიქმნება, თუმცა, ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მოჩვენებითობაზე, ფასადურობაზე და ვყრით მყარ საფუძველს საქართველოში ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. მეორე წელი იქნება კარგი, მესამე კიდევ უფრო კარგი და მეოთხე წელი ყველაზე უკეთესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ ღირსეული არჩევანი და ღირსეულად გეცხოვრებოდეთ საკუთარ სამშობლოში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მათ საუკეთესო მომავალი უსურვა.