ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე განხილული უნდა იქნას.
მამუკა ჟღენტი სრულად იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საკითხები დაფარულია ჟენევის ფორმატით, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს ნებისმიერ დონეზე განსჯის საგანი უნდა გახდეს.
"მიმაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საკითხის წამოწევა არანაირად არ შეუშლის ხელს და არ დააზიანებს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს, რომელიც უდავოდ უნდა დარჩეს ძირითად ფორმატად, სადაც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება. ასევე ვიზიარებ რა საგარეო საქმეთა მინისტრის ამ მიდგომას, მიმაჩნია, რომ სასურველი იქნება აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მორიგ სხდომაზეც, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული მოხსენების "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" განხილვა. ასევე ცნობილია, რომ ამ განხილვაში, რომელიც 29 მაისს არის ჩანიშნული, მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეგმავდა. მართალია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გენმდივნის კონსოლიდირებული მოხსენება მინისტრთა კომიტეტში 6-თვიანი თავმჯდომარეობის გადაცემის შემდეგ იხილება და არა მანამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. თან მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დაგვიანება ქართული დიპლომატიის პოზიციით არ არის გამოწვეული. ამის მცდელობები აქამდეც იყო, თუმცა უშედეგოდ. სასურველი იქნება განხილვების შედეგად მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა მიიღოს რაიმე ფორმალური გადაწყვეტილება. ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა თუ მოხერხდა ამ წარმატების მიღწევა, ეს იქნება მეტად სასარგებლო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ ერთი სერიოზული გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი. რუსეთმა არ უნდა ჩათვალოს, რომ რადგან რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნა, საქართველო საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში საკითხის განხილვის დაყენება/შენარჩუნებას არ აპირებს", - აცხადებს ჟღენტი.
ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ტრადიცია არ დაირღვევა და 29 მაისის განხილვისათვის ევროკავშირი გააკეთებს უკვე წესად ქცეულ განცხადებას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესები იქნება დაგმობილი, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე არსებობს EUMM-ის მიერ დაფიქსირებული პოზიცია.