ევროპის ეკონომიკას სისტემური კრიზისი ანგრევს

ევროპის ეკონომიკას სისტემური კრიზისი ანგრევს


ევროს ზონა რომ სისტემური კრიზისმა მოიცვა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძაფრდება, ექსპერტები კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ მათ, როგორც წესი, არ ეთანხმებოდნენ ოფიციალური პირები. და აი, პირველად ევროპელმა მაღალჩინოსანმა, თვით ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბარუზომ აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნები სისტემური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ოფიციალური რევერანსების დრო დამთავრდა და ბარუზო გულახდილად საუბრობს. მან ისიც არ დამალა, რომ ევროპას სერიოზული რეცესია ემუქრება. 

ეკონომისტები სისტემურ კრიზისს უწოდებენ მრავალასპექტიან, ყველაფრისმომცველ კრიზისს, რომელიც ფინანსური სისტემის ყველა ძირითად ნაწილს მოიცავს. როგორც წესი, სისტემურ კრიზისს მოჰყვება ძირითადი ფინანსური ინსტიტუტების გადამხდელუნარიანობის დაკარგვა, “ფინანსური პანიკის” წარმოქმნა, ინფლაცია და რეცესია. მოკლედ, სისტემური კრიზისი ძალიან ცუდი რამეა, ისეთი, მტერსაც რომ არ უსურვებ. 

თუმცა, ვის უსურვებ ერთია, ფაქტი კი ისაა, რომ ევროპა მართლაც შავ დღეში ჩავარდა და როცა ამაზე თავად ევროკომისარი საუბრობს, ცხადზე უცხადესი ხდება, რომ საქმე მეტიმეტად ცუდადაა. თუ ეკონომისტებს ჩავეკითხებით, გვეტყვიან, რომ სისტემური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა ეკონომიკური ზრდის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მაგრამ ამჟამინდელი ევროპისათვის ეს ზრდა უტოპია. მეტიც, მას, როგორც ვთქვით, რეცესია ელის. 

ბარუზომ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა ეკონომიკური ინტეგრაცია გააღრმავონ და საბიუჯეტო სფეროს ზედამხედველობა გააძლიერონ, რომ ამგვარად მაინც გარკვეულწილად დაუპირისპირდნენ სისტემურ კრიზისს. 

საერთოდ, ევროს ზონაში სისტემური კრიზისის ნიშნები კარგა ხნის წინ გამოიკვეთა. მოგეხსენებათ, ბოლო დროს რეგულარულად იზრდებოდა გარკვეული სახელმწიფოების დავალიანებები, ჯანსაღი ეკონომიკები კი იძულებული იყვნენ სისტემის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი სახსრები გაეღოთ. დღეს უკვე გადასახდელი თანხების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ძლიერი კრედიტორების, მათ შორის საფრანგეთის, ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. 

დღეისათვის ევროპაში ფაქტობრივად ერთი ქვეყანა დარჩა, რომლისაც ინვესტორებს ჯერჯერობით სჯერათ. ეს გერმანია გახლავთ. საბერძნეთის პრობლემები უკვე მეორეხარისხოვანი გახდა და წინა პლანზე იტალიის მოსალოდნელმა დეფოლტმა წამოიწია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ვრცელდება ინფორმაციები მსხვილი ფრანგული ბანკების დიდი წაგებებისა და ჩამოწერების შესახებ. შედეგად, დაიწყო მათი აქციებისა და ობლიგაციების მასიური გაყიდვა. ანუ, შორს არ არის ის მომენტი, როცა საფრანგეთში ფინანსური პრობლემები დაიწყება. 

ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროს ზონის სისტემური კრიზისი მოსალოდნელი გახლდათ, რადგან იგი თავიდანვე დეფექტურად იყო კონსტრუირებული. და როცა მძიმე პერიოდი დადგა, სისუსტეებმა თავი იჩინა. ამიტომაცაა, რომ დღეს არავინ უარყოფს, რომ ევროზონის ფუნდამენტი აუცილებლად საჭიროებს საფუძვლიან რემონტს. მაგრამ ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მიმდინარე პრობლემები დაიძლევა.

ექსპერტთა ნაწილი ევროს ზონის კრიზისიდან გამოსაყვანად მხარს უჭერს ფულის საბეჭდი დაზგის ამუშავებას., მეორე ნაწილი კი საბიუჯეტო დანახარჯების მკვეთრად შემცირების მომხრეა. ფულის დიდი მასის დაბეჭვდვა და ბრუნვაში ჩაშვება კრიზისს დროებით ჩაახშობს, ოღონდ მართლაც რომ დროებით. თანაც, მოსალოდნელია ინფლაცია და ძალიან მალე ახალი ექსცესები. ამასთან, ამ ვარტიანტს ეწინააღმდეგება გერმანია, რომელიც მკაცრი ეკონომიური პოლიტიკის მომხრეა. საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება ევროპის ეკონომიკას თავდაპირველად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, მაგრამ შემდეგ დიდი შანსია, რომ ნანატრი სტაბილურობის პერიოდი დადგეს. 

როგორც ბარუზოს სიტყვებიდან ჩანს, იგი მეორე გზის მომხრეა. ამიტომაც მოუწოდა მან ქვეყნებს გაამკაცრონ საბიუჯეტო ზედამხედველობა და გააღრმავონ ევროინტეგრაცია. თუმცა, საინვესტიციო სამყაროს დღეს ინტეგრაციის გაღრმავებაზე მეტად ევროს ზონის დაშლის სჯერა. 

ინვესტორებს ისიც აშფოთებს, რომ ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ კიდევ ერთმა, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულმა ევროს ზონის სეკვესტრირების გეგმამ შეიძლება გაამართლოს. მათი აზრით, პრობლემატური ქვეყნების ზონიდან გარიცხვა ადრეულ ეტაპზე იქნებოდა მომგებიანი, ახლა კი უკვე ძალიან გვიანია. 

დღეს ევროპა სწერედ რომ დეზინტეგრირებულია ორ ბანაკად – ძლიერი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად. ეს კი სისტემურ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს და ევროს ზონის კრახი სულ უფრო ახლოვდება.