წარმოუდგენელია, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას საუბარი არ შეეხოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა დღევანდელი ახალი ამბავია და თუ რა ფორმით გაჟღერდება ის აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, ეს კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.
"უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის ფორმატის საკითხებია, თუმცა, წარმოუდგენელია, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დაგეგმილ შეხვედრაზე ამ თემას ბატონი აბაშიძე და კარასინი საერთოდ არ შეეხონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გრიგორი კარასინთან მისი შეხვედრისას საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები განხილვის თემა არ იქნება და მხარეები სავაჭრო თუ კულტურულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, ეს უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.