უსაფრთხოების თემები, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარსა და საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა , რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს რუს კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში არ განიხილავს, რათა ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს. "ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდით. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისი ინფორმაციით, გრიგორი კარასინთან შეხვედრა 4 ან 5 ივნისს პრაღაში გაიმართება და მხარეები დიალოგის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.
"ჩემი დაკვირვებით წინსვლა ნამდვილად გვაქვს ცალკეული მიმართულებებით და განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ალბათ ივლისში ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. ჩვენ გავივლით ამ საკითხებს და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის საკითხის განხილვა არ იგეგმება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.