საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას ჰპირდება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის თეატრში, დიასპორის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე გალა-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართული დიასპორის გამოცდილება და ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიოს 32 ქვეყანაში საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქეა გაბნეული. "ისინი ახერხებენ უცხო კულტურის შეთვისებას და, ამავდროულად, სიძნელეების მიუხედავად - ჩვენი ქართული ტრადიციების დაცვასაც. მათი პოტენციალი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში უდიდესია. ახლა მიმდინარეობს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მამული გადაეცეს საქართველოს, სადაც შემდგომში ქართული ცენტრი დაფუძნდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად არიან გადახვეწილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, სამშობლოში ეცხოვრებოდეთ.
"ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც შეუძლია თავისი ნიჭი მსოფლიოს აჩვენოს. ისინი ასეც უნდა მოიქცნენ, თუმცა, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეცხოვრებოდეთ სამშობლოში. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სამუშაო ადგილები რამდენიმე თვეში ვერ შეიქმნება, თუმცა, ჩვენ უარს ვამბობთ ფასადურობაზე და ვყრით მყარ საფუძველს საქართველოში ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. მეორე წელი იქნება კარგი, მესამე კიდევ უფრო კარგი და მეოთხე წელი ყველაზე უკეთესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ ღირსეული არჩევანი და ღირსეულად გეცხოვრებოდეთ საკუთარ სამშობლოში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მათ საუკეთესო მომავალი უსურვა.
გალა-კონცერტზე შეკრებილ დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძემაც. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული დიასპორა საქართველოს მალე დაუბრუნდება, რადგან ქვეყანა მათ გარეშე ვერ აშენდება.
"დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობისთვის არის მოწოდებული და ამისთვის მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობის იდეა და აუცილებელია დაბრუნდეთ სამშობლოში, რადგან თქვენს გარეშე ჩვენ წელში ვერ გავსწორდებით", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში დიასპორის დღესთან დაკავშირებით საზეიმო გალა-კონცერტი მიმდინარეობს. გალა-კონცერტს ესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.