დღეს ოკუპაციის ხაზის გადმოტანის კიდევ ერთი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლებას. "ის, რომ დღეს კიდევ ერთი მცდელობაა ოკუპაციის ხაზის გადმოტანის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კანონს ვიღებთ, რომლითაც პრაქტიკულად ვშლით საქართველოს საზღვრებს, ოკუპაციის შესახებ კანონს ვცვლით, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. მაგრამ, მე ყველაფერ ამის ფონზე მაინც ოპტიმისტი ვარ, იმიტომ, რომ ყველა ეს სიძნელე დროებითია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.