ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის ომში ცამდე მართლები ვიყავით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს, როგორც ამირანს, ჯერ ეკონომიკური, ენერგეტიკული ემბარგო გამოუცხადეს, "მაგრამ მაინც გაუწია მეციხოვნეს წინააღმდეგობა".
"ბოლოს, ჯაჭვი რომ გავწყვიტეთ და ვერაფერი მოიფიქრა, პირდაპირ შეირაღებული ბრძოლა გამოგვიცხადა და მოხდა სასწაული, ომის შემდეგაც ამირანი გაიმართა წელში, წამოდგა და მთელი მსოფლიოს დასანახად დააპირა კლდიდან თავის ახსნა. დღეს, როცა მეციხოვნეს ბერკეტებიც აღარ აქვს ამირანის შეჩერების, როცა ჩვენი მეციხოვნე, რუსეთის იმპერია ბევრი დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური ფაქტორების გამო უახლოეს წლებში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, წავა კავკასიიდან და არ ეცხელება საქართველოსთვის, ახლა არ არის დრო, რომ ამირანი დაიღალოს და თქვას, ჯანდაბას, ისევ მეციხოვნესთან ვიქნები, ისევ ჯაჭვებს გავიკეთებ, ისევ ამ კლდეზე ვიქნები მიჯაჭვული და ამის სიმპტომები ჩანს. ამიტომ ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის ომში ჩვენ ვიყავით ცამდე მართალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართულმა ჯარმა მოახდინა სასწაული. "ჩვენ თვითონ თუ დავივიწყეთ ჩვენი სიმართლე და ის, რომ ვიყავით აგრესიის მსხვერპლი, მაშინ რატომ ჩამოვა რომელიმე უცხოელი ლიდერი თავის სიცოცხლის რისკის ფასად, როგორც ეს მოხდა 2008 წელს და დადგება ქართველების გვერდით?!", - დასძინა პრეზიდენტმა.