ფრაქცია "ქართულ ოცნებას" პროკურატურასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი უკან გააქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით გაგრძელდება დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ შემუშავებული პაკეტის განხილვა და რიგი საკითხები პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დაზუსტდება.
პროკურატურის უფლებამოსილებების იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის საკითხზე პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით გასულ კვირას შევიდა. ამასთან, პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ დეკემბერში შევიდა.