საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ იმ ყოფილ პოლიციელებსაც, რომლებიც თამაზ თამაზაშვილის საქმეზე არიან დაკავებულები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ვანო მერაბიშვილის დაკავება არის ქვეყნის უკრაინიზაციის გზაზე წასვლა, რაც ვილნიუსის სამიტზე ძალიან შეუშლის ხელს საქართველოს.
"ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავება არის ქვეყნის უკრაინიზაციისკენ მიმართული ქმედება, რომელიც აუცილებლად შეუშლის ხელს საქართველოს ვილნიუსის სამიტზე. ასევე, გვაქვს სრული საფუძველი იმის თქმის, რომ ანგარიშსწორება მოხდა იმ დაკავებულ პოლიციელებზე, რომლებსაც დღეს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ბრალი წაუყენეს არა იმ ბრალდებებზე, რასაც თამაზ თამაზაშვილი აყენებდა, არამედ სხვა, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით", - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი მაზმანიანმა.
კანცელარიასთან რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება. მათ უკავიათ ტრანსფარანტებით, წარწერით - "სოლიდარობა ვანოს", "არსებობენ იდეალები, რომელზედაც ვოცნებობთ", "ვანოს დაჭერით ამ ყველაფერს ვერ გადაფარავთ" და სხვ.