გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი გრიგოლ კვინიკაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებმა ამოიცნეს, რის გამოც მას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს.
კვინიკაძე ორმა ყოფილმა პატიმარმა - რამაზ მეტრეველმა და კობა გოცირიძემ ამოიცნეს, რომლებიც აცხადებენ, რომ 26 მაისის ღამეს მათზე კვინიკაძის მიერ ზეწოლა განხორციელდა.
როგორც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კობა გოცირიძე აცხადებს, იგი 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს დააკავეს და პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც გრიგოლ კვინიკაძის დავალებით, მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, რითიც მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ივა ჩიღვინაძის მძღოლის რამაზ მეტრეველის განცხადებით კი, სხვებთან ერთად გრიგოლ კვინკიძე მის ცემაში უშუალოდ იყო ჩართული და წამების გზით მოითხოვდნენ მისგან აღიარებას, რომ 26 მაისის აქციის ღამეს ავტომობილით პოლიციელი მოკლა.