საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით არის დაგეგმილი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა, პირველადი შერჩევის მიზნით, პროექტში მონაწილეობის ინტერესის გამომხატველი წერილი, მოკლე ინფორმაცია საქმიანობის შესახებ, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები და რეკომენდაციები 31 მაისამდე ელ-ფოსტაზე project1@geo.gov.ge უნდა გააგზავნონ.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში შესყიდვის დეტალები აღწერილი არ არის, თუმცა პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გააჩნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების მოსაპოვებლად კი, დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას.