სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ცხედრის ალტერნატიული ექსპერტიზის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება სახალხო დამცველის აპარატს აქვს და თუკი აღნიშნულის სურვილს გამოთქვამს, სასჯელაღსრულების სამინისტრო მას მხარს დაუჭერს.
"ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვს სახალხო დამცველს. მას შეუძლია ამის გაკეთება, წინააღმდეგიც ჩვენ არ ვართ. პირიქით, მხარს ვუჭერთ, თუ სახალხო დამცველის მხრიდან იქნება მსგავსი ინიციატივა", - აღნიშნა კორძაიამ.
უშუალოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კი, რამაც პატიმარი ლევან კორტავა იმსხვერპლა, კორძაიამ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებას "მაქსიმუმ 2-3 დღე დასჭირდება".
რაც შეეხება პატიმრის ოჯახის განცხადებას, რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, გარდაცვლილის დაკრძალვის შესაძლებლობა არ აქვთ და დახმარებას სასჯელაღსრულების სამინისტროს სთხოვენ, უწყების პრესსამსახურის უფროსი "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევას დაპირდა.
გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი მიცვალებულის დაკრძალვას ექსპერტიზის ჩატარებამდე არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც დაპირდა დახმარებას, თუმცა ჯერჯერობით არ დახმარებია.
"ამ სახელმწიფოში სამართალს ვერ ვიპოვი, რაც მოხდება მოხდება, არავითარ შემთხვევაში არ დავმარხავ. სახალო დამცველის წარმომადგენელი მოვიდა, ყველა ლამაზი სიტყვებით მოდის და მიდის. განადგურებული ვარ, შვილი მომიკლეს", – აღნიშნა ხათუნა კორტავამ.