უმუშევრად დარჩენილ ადამიანს პურის ყიდვა მაინც უნდა შეეძლოს

უმუშევრად დარჩენილ ადამიანს პურის ყიდვა მაინც უნდა შეეძლოს

უმუშევრობა მოსახლეობის მოურჩენელ თავის ტკივილად რჩება. ოპონენტები  ხელისუფლებას დაუსაქმებლობის მაღალი დონის გამო აკრიტიკებენ. მათი მტკიცებით, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი - 16,3 პროცენტი - საერთოდ არ ასახავს სინამდვილეს.

 

პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე უშედეგოდ მოითხოვენ ხელისუფლებისგან უმუშევართა შემწეობის დანიშვნას.  

 

ამ საკითხზე „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხელმძღანელ თამარ იოვაშვილს ვესაუბრებით:  

 

– მოსახლეობის 99 პროცენტი ეკონომიკურად გაჭირვებულია. რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს: პირველ რიგში, შრომის ბირჟა უნდა შეიქმნას; ყველა უმუშევარმა ადამიანმა ფულადი შემწეობა, ასევე უფასო სამედიცინო პოლისი უნდა მიიღოს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში მხოლოდ 16%–ს შეადგენს, რაც არსებულ სინამდვილეს არ შეესაბამება. თუნდაც ეს ციფრი იყოს, ნუთუ ამ ადამიანებს სიკვდილისთვის სწირავენ?

 

თქვენი მონაცემებით, რამდენი პროცენტია უმუშევარი?

– ჩვენი გაანგარიშებით, 50%–ზე მეტია.

 

ვის წინაშე დააყენეთ თქვენი კონკრეტული მოთხოვნები?

– იქიდან დავიწყოთ, რომ 2009 წელს გაერთიანებულმა პროფკავშირმა უმუშევრობის შემწეობის დანიშვნაზე პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა. დღემდე განხილული არ არის.

 

ახლა ამ კანონპროექტს უნდა გადავხედოთ, 2011 წლის ეკონომიკური მონაცემებით,  შესაბამისი შესწორებები შევიტანოთ. ამ მოთხოვნებით, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილები მივწერეთ. მოვითხოვთ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი სასწრაფო წესით განიხილოს.

 

უკვე ნოემბერია, ზამთარი მოდის და ხალხი მას ვერ გადაიტანს. კომუნალური გადასახადები არნახულად არის გაზრდილი და უმუშევარ ადამიანს ხარჯების დასაფარად  არანაირი შემოსავლები არ გააჩნია. მათხოვრული ცხოვრება ყველას ყელში ამოუვიდა.

 

2009–ში რატომ არ მიიღეს  უმუშევართა შემწეობის კანონპროექტი?

– დასაბუთებული უარი არც მაშინ უთქვიათ; არ მიიღეს და მორჩა. მაგრამ ახლა გაერთიანებულ პროფკავშირებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და პარლამენტში მის განხილვას მივაღწევთ.

 

ახალ კანონპროექტში რა შესწორებების შეტანას აპირებთ?

– ძველში, მაგალითად, სამედიცინო პოლისი არ იყო შეტანილი. ვთვლით, რომ ეს პუნქტი უნდა დავუმატოთ, რადგან პაციენტებს ექიმთან მისვლის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. ბევრი შემთხვევები ვიცი, ადამიანები დაიღუპნენ იმის გამო, რომ დასტაქარს თავის დროზე ვერ მიაკითხეს.

 

მაინც შემწეობის რა ოდენობის თანხას მოითხოვთ უმუშევრებისთვის?

– ადრინდელ კანონპროექტში ამისთვის მინიმალური პენსიის ოდენობა იყო მითითებული.  2008 წელს, ეს 55 ლარს შეადგენდა. ახლა, როგორც მინიმუმი, ასევე მინიმალური პენსიის ოდენობით უნდა განისაზღვროს. თუმცა, კარგი იქნება, თუ უმუშევრობის შემწეობა საარსებო მინიმუმს გაუტოლდება.

 

ფიქრობთ, რომ ქვეყნის დღევანდელ ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა გააჩნია?

– ბიუჯეტის განხილვებს და არსებულ მონაცემებს თუ გადახედავთ, თავდაცვას, შსს–ს, იმავე პარლამენტს ძალიან გაზრდილი ბიუჯეტები აქვთ. კეთილი ინებონ, ცოტა მოაკლონ და მშიერ ხალხს მიხედონ.

 

ამას რატომ არ აკეთებენ თქვენი აზრით ?

– ელემენტარული პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ. ასევე ჩემთვის გაუგებარია, სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ამ საკითხზე ყურადღებას რატომ არ ამახვილებენ. თუმცა, ამის დრო მოვიდა და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

 

ხელისუფლების მხრიდან როგორი დამოკიდებულების იმედი გაქვთ?

– ხელისუფლების ცალკეული ინიციატივები არაფერს მოიტანს, თუ უმუშევართა გარანტიები კანონდებლობაში მყარად არ აისახება. რეალობა კი მძიმეა; ადამიანებს სამსახურებიდან მასობრივად უშვებენ და მრავალრიცხოვანი არმია კიდევ უფრო იზრდება. წელს ძალიან ბევრი მასწავლებელი სახლში გაუშვეს. ვიცით, რომ 31–ე ქარხნიდან ადამიანები გაანთავისუფლეს, თავდაცვის სამინისტროდან და ა.შ.

 

ქუჩაში უმუშევრად დარჩენილ ადამიანს იმის იმედი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ პურს იყიდის და შიმშილით სული არ გაძვრება. ავადმყოფობისას ექიმთან მივა და ა.შ.  როგორც ეს მეტნაკლებად ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.

 

მითუმეტეს, ეს საკითხები ევროკავშირის და შრომის საერთაშორის ორგანიზაციების რეკომენდაციებშია ასახული. ყველანი ერთში ვთანხმდებით, საქართველოში აუცილებლად უნდა ამოქმედდეს კანონი უმუშევართა შემწეობის შესახებ. ამას ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.