30-31 მაისს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართოს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შიდა ქართლის სოფლებში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა.
"ვრცელდება ეს საოკუპაციო რეჟიმისთვის დამახასიათებელი ინფორმაციები. ხვალ დილით მივდივარ გორში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და საზოგადოების წარმომადგენლებთან მექნება შეხვედრა, საიდანაც უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მივიღებთ. რამდენად გადმოწიეს და რა მშენებლობები მიდის, ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე მაინტერესებს რა მდგომარეობაა სარწყავ წყალთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ 30 და 31 მაისს პარლამენტში ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის სხდომა ჩავატაროთ", - განაცხადა ვოლსკიმ.