ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ჩივიაშვილმა ე.წ. მატროსოვის დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
"არანაირი პრეტენზია არ აქვს ადმინისტრაციასთან. თავს გრძნობს ნორმალურად, არის სამარტოო საკანში და რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება ძალაში დარჩა.
ჩივიაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება დაუსაბუთებელი იყო როგორც სააპელაციო, ასევე საქალაქო სასამართლოს განხილვის დროსაც.
"ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგი სტრატეგია, რა ფორმატში განვაგრძობთ დაცვის უფლების განხორციელებას. საქართველოში გასაჩივრების შესაძლებლობა უკვე ამოწურულია. გვაქვს ექვსთვიანი ვადა სტრასბურგში გასაჩივრებისთვის, თუმცა სტრასბურგთან დაკავშირებით ბოლომდე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და ეს საკითხი განხილვის პროცესშია", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.