დავით საყვარელიძე:  ყოფილი პოლიციელები დააკავეს, ყაჩაღები და მძარცველები კი გარეთ არიან

დავით საყვარელიძე: ყოფილი პოლიციელები დააკავეს, ყაჩაღები და მძარცველები კი გარეთ არიან

"ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პოლიციების დაკავების ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ქვეყანაში მასობრივად ხდება სამართალდამცავი სისტემის დამსახურებული თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. 

"დაჭერილია შსს-ს ყოფილი ორი მინისტრი, დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ბიძინა ივანიშვილის მთვარი პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მისი პირდაპირი პოლიტიკური პატიმარია. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც გამოშვებლია 12 ათასი პატიმარი", – აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულ ყველა პოლიციელს გვერდით დაუდგება.

"იმ ბიჭებთან ერთად, რომელთანაც წლების განმავლობაში მიმუშავია და მიბრძოლია დანაშაულის წინააღმდეგ, დღეს ბევრი მათგანი მოთავსებულია ციხეში ან დადის დაკითხვებზე. ტრაგედიაა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ თითოეული ჩვენგანის, ქუჩის უსაფრთხოებაზე, კანონის უზენაესობაზე, მოთავსებული არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაშინ, როდესაც ყაჩაღები, მძარცველები და მკვლელები გარეთ არიან გამოშვებული სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სარჩულით", - განაცხადა საყვარელიძემ.

დეპუტატმა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ურჩია, რომ სამინისტროში ჩაატაროს გამოკითხვა, თუ რა რეაქცია მოჰყვა ყოფილი პოლიციელების დაკავებას მისივე თანამშრომლებში.

"ღარიბაშვილს შეუძლია გამოკითხვის შედეგები არ გაასაჯაროოს, ჩვენ ვიცით, რა რეაქცია მოჰყვა ამ ადამიანების დაკავებას მისივე თანამშრომლებში" , – განაცხადა საყვარელიძემ.