"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს გასული შვიდი წლის განმავლობაში უწყების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მართებულობითა და კანონიერებით".
გარდა ამისა, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტრო ხარჯვის მოცულობით სიდიდით მესამე სამინისტროა და ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რამდენად კანონიერად და ეფექტურად იხარჯება ამ სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, რომ კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროში ბოლო კომპლექსური რევიზია 2005-2006 წლებში ჩაატარა, თუმცა მან მხოლოდ თავდაცვის უწყების რამდენიმე დანაყოფი (ძირითადად, ფინანსების მართვის დეპარტამენტი, შესყიდვები, საჰაერო ძალები, სამხედრო პოლიცია, ცალკეული ბრიგადები, გენშტაბის ჯარების ლოჯისტიკის სამმართველო) მოიცვა.
ასევე ორგანიზაციის ინფორმაციით, "2006 წლის კომპლექსური რევიზიის შემდეგ კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროში 2008 და 2009 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტების შესრულების აუდიტი ჩაატარა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების არასრული ანგარიშია".
"კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ სახელმწიფომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფინანსური აუდიტის ჩატარება, მაშინ როცა ომის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ქონების მართვისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის საკითხების შესწავლა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს თავდაცვის ხარჯი მთლიანი შემოსულობების თითქმის 22%-ს შეადგენდა.
ამასთან, საყურადღებოა, რომ 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტის შედეგები მთლიანად გასაიდუმლოვდა, რაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი კანონიერად მოხდა, თავდაცვის სამინისტროს ფინანსებს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის და თავდაცვის სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კიდევ უფრო ნაკლებ ინფორმაციას გვაძლევს. შვიდი წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, სახელმწიფომ არც თავისთვის და არც საზოგადოებისთვის არ ჩათვალა საჭიროდ, რომ გაერკვია, რამდენად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იმართება თავდაცვის სამინისტრო, რამდენად შეესაბამება სამინისტროს საქმიანობა და ფინანსური სისტემები კანონმდებლობას, რამდენად კანონიერი და მიზნობრივი იყო თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა, რამდენად კანონიერად იხარჯებოდა ქვეყნის თავდაცვაზე გაწეული ხარჯები და ომის შემდეგ ჩატარდა თუ არა კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის სამხედრო ტექნიკის აუდიტთან დაკავშირებით", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტრო ხარჯვის მოცულობით სიდიდით მესამე სამინისტროა (განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შემდეგ) და მისი ფინანსური საქმიანობის გარკვეული ნაწილი (საიდუმლო ხარჯები, შესყიდვები) გასაიდუმლოებულია, "მნიშვნელოვანია სახელმწიფო თავად იყოს დაინტერესებული თავდაცვის სამინისტროს ხარჯვის პერიოდული შესწავლით".