29 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-7 კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიში ყოველ 6 თვეში ერთხელ წარედგინება ევროპის საბჭოს. მე-7 კონსოლიდირებული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით.
ბერუჩაშვილის განცხადებით, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო აგრძელებს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და აღნიშნული საკითხი მუდმივად დგას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.