სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების საკითხს საპატრიარქო მათთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში განიხილავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასულიერო სემინარიის რექტორმა, პროტოპროსვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქო ამ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდება, ფაქტების შესწავლა და გამოკვლევა მოხდება.
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იღუმენს იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 23 მაისს წაუყენეს. მათ მიმართ გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.