საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება ვილნიუსის სამიტზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები ბევრი მოისმინეს, თუმცა ეს ყველაფერი სპეკულაციებია.
"საქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების განსაკუთრებული სტანდარტი და ეს განსაკუთრებული ყურადღების საგანია ევროკავშირის მხრიდან. შესაბამისად, მათ მიერ დაკვირვება უფრო ყურადღებით მიმდინარეობს. ნამდვილად მოვერიდებოდი ამ სპეკულაციებს, რომ კონკრეტული პირის დაკავება იქნება განსაკუთრებული მომენტი და შეაფერხებს პოლიტიკურ პროცესებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს. როგორც უკვე გაცხადდა მთავრობის მხრიდან, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ გამჭვირვალე გამოძიებას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია მინიმალური იყოს კითხვები ამ დაკავებებთან დაკავშირებით, ხოლო თუ იქნება კითხვები გაეცეს შესაბამისი პასუხები. ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ეს პროცესები არ სცილდება კანონიერების საზღვრებს.