გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი მიცვალებულის დაკრძალვას ექსპერტიზის ჩატარებამდე არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც დაპირდა დახმარებას, თუმცა ჯერჯერობით არ დახმარებია.
"ამ სახელმწიფოში სამართალს ვერ ვიპოვი, რაც მოხდება მოხდება, არავითარ შემთხვევაში არ დავმარხავ. სახალო დამცველის წარმომადგენელი მოვიდა, ყველა ლამაზი სიტყვებით მოდის და მიდის. არასამთავრობო ორგანიზაციებს, საია-ს ვითხოვდი მოსულიყო, მაგრამ ისინი ტელეფონით მესაუბრნენ. მოდით და ნახეთ, გადაიღეთ. განადგურებული ვარ, შვილი მომიკლეს", – აღნიშნა ხათუნა კორტავამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ერთი ნაწილიც კი არა აქვს დაუზიანებელი.
"ამბობენ, რომ იაფფასიან ხრეშსა და ქვებზე დავარდა, როგორ დავარდა ასე, რომ ხელი მოიტეხა, კისერი მოიტეხა, ხერხემალი გადაიტეხა, თითები მოიტეხა. ლევანი მკვდარი მიასვენეს საავადმყოფოში", – განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ყველაფერი იცოდა ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ციხის ხელმძღვანელობამ ასეთ ფაქტებს ხელი უნდა შეუშალოს.
"ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბძოლებ, ასე ბოლომდე იბძროლა გირგვლიანის დედამ და სამართალს მიაღწია. მართალია სტრასბურგმა გაამართლა, მაგრამ სახელმწიფომ ფეხებზე დაიკიდა", – აღნიშნა ხათუნა კორტავამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და დაკრძალვის სახსრები არ აქვთ და არც სახელმწიფოს შეუთავაზებია დახმარება.
23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. პირველი ვერსიით პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.