საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, "მთავრობა მოწოდებულია, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები მინიმალური იყოს".
როგორც ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის განცხადებები, რომ ასეთი დაკავებები საქართველოს წინსვლას ევროინტერგაციის გზაზე შეაფერხებს და ვილნიუსის სამიტისთვის დაბრკოლებებს შექმნის, სპეკულაციებია.
"ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებები და მოსაზრებები ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. საქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების განსაკუთრებული სტანდარტი. დაკავებები განსაკუთრებვული ყურადღების საგანია ევროკავშირის მხრიდან, შესაბამისად, დაკვირვება უფრო ყურადღებით მიმდინარეობს. ნამდვილად მოვერიდებოდი ისეთ სპეკულაციებს, რომ კონკრეტული პირის დაკავება განსაკუთრებული მომენტი იქნება და პოლიტიკურ პროცესებს შეაფერხებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად ახორციელებს საქართველო მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. როგორც უკვე გაცხადდა მთავრობის მხრიდან, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ გამჭვირვალე გამოძიებას საერთაშირისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მინიმალური კითხვები იყოს ამ თემასთან დაკავშირებით, ხოლო თუ კითხვები იქნება, შესაბამისი პასუხები გაეცეს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივს პოლიტიკურ პროცესებს ვერც 17 მაისის მოვლენები შეაფერხებს და საქართველოს მთავრობა კონკრეტული ქმედებებით დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პროცესი კანონიერების ფარგლებს არ სცილდება.