პოლიტიკოსები და საქმიანი სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც იორდანიაში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხის საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრიორიტეტად ქცევის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი შიმონ პერესი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მხარს უჭერენ „ორი სახელმწიფო ორი ერისთვის" პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის განახლებას. პოლიტიკოსების მოსაზრებით, ასეთი მიდგომა კვლავ გამოაცოცხლებს ებრაელებსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესს, რომელიც ახლა ჩიხშია შესული.
აბასმა, პერესმა და კერიმ, ასევე, აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია იმედი ჰქონდეს ახალ თაობას, რომელიც ახლა მტრობისა და უნდობლობის ატმოსფეროში ცხოვრობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, სრულად რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში სამრეწველო სფეროს როლი შეუფასებელია, თუმცა ნებისმიერი პოზიტივი ამ კუთხით მაინც შეუძლებელია პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების გარეშე.