საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ქართული იარაღ-საჭურვლის გამოფენა დაათვალიერა.
მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებით მადლიერია ეროვნული მუზეუმისა და მისი ხელმძღვანელობის, რადგან მათი თანამშრომლობა სამინისტროსთან დღეს არ დაწყებულა და ამის მიზანია, რაც შეიძლება მეტად იცნობდნენ ახალი თაობები, კადეტები, მსმენელები და, ზოგადად, სამხედროები, თუ რა ისტორიის და წარსულის მქონე ქვეყანაა საქართველო და რამდენად იყო ასახული დიდი ისტორია, საბრძოლო გამოცდილებები ყველაფერში, მათ შორის ხელოვნებაში.
"დღეს აქ არის მცირე ნაწილი იმ აღჭურვილობის, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. საქართველო ყოველთვის იყო განსაკუთრებული გმირობის მაგალითებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გმირობის მაგალითებს კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ და სწორედ ამ აღჭურვილობის მატარებელ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გვაქვს სახელმწიფო. მინდა დღევანდელმა სამხედროებმაც გაიაზრონ, რომ ყველაფერი იცვლება, აღჭურვილობაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მხედრული სული. დიდი თავდადება, რომელიც ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა და ამით უნდა ვიამაყოთ. ეს არის ჩვენი სახე, ქართული არმიის სახე", – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მანვე თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.
ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილია ასორმოცდაათზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს შევიდა მუზეუმის ფონდებში. ესენია: ხმლები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩები და სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღების კოლექცია. ექსპოზიციაზე მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ასევე მეფე-მთავართა მემორიალური ტიპის ექსპონატებს და მე-18 საუკუნის თბილისში ჩამოსხმულ ზარბაზანს. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ეროვნულ მუზეუმში გაეცნონ მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული იარაღის სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს. გამოფენაზე ყურადღება გამახვილებულია იარაღის განსაკუთრებით გავრცელებულ სახეობებზე, რომელებიც ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით არის დამზადებული.