ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშები უკვე მე-6 დღეა გაფიცულები არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაფიცვაში მონაწილეებმა აცნობეს, გაჩერებულია მთელი ქარხანა და ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია უარს აცხადებს იმ ჯგუფთან მოლაპარაკებაზე, რომელიც შეარჩიეს გაფიცულმა მუშებმა და მიანიჭეს წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
"ადმინისტრაცია ცდილობს პროფკავშირი და შრომითი კოლექტივი ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამისათვის ყველა მეთოდს იყენებს, თუმცა გაფიცულთა პოზიცია ურყევია, ისინი მზად არიან მოლაპარაკება გაიმართოს ისე, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგაფიცვო პროცედურების შემთხვევაში" , – აცხადებენ ფეროს გაფიცული თანამშრომლები.
მათივე ინფორმაციით, პარალელურად, კომპანიის ადმინისტრაცია აცხადებს ვაკანსიებს, რათა გაფიცულ თანამშრომელთა დროებითი ჩანაცვლება მოახდინოს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შრომითი კოლექტივი მიმართავს რუსთაველ, ფოთელ, ქუთაისელ, თერჯოლელ მეტალურგებს, ამწის მემანქანეებს, მდნობელებს, მექურეებს და სხვა სპეციალობის ადამიანებს.
"შტრეიკბრეხერობა" კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მორალური დანაშაულია, ნუ გამოეხმაურებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს, გამოგვიცხადეთ სოლიდარობა, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი შრომითი უფლებების დაცვა, არ არის გამორიცხული, ოდესმე თქვენს საწარმოშიც იჩინოს თავი მსგავსმა პრობლემებმა და ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მხარი დაგიჭიროთ და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ" , – აღნიშნულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცვაში მონაწილეთა მიმართვაში.