საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 26 მაისს 74 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ის ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.
1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის.
მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.