"დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდად, უსაფრთხო იქნება ყველა მომიტინგის პროკურატურასთან მოსვლაც და წასვლაც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, შსს აქციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია აქვს.
"ჩვენ გვაქვს აქ მომსვლელთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ამის გამო, სამართალდამცველები უკვე მობილიზებულია და საკმარისზე მეტი ვართ იმისთვის, რომ ყველას უფლება დავიცვათ. უსაფრთხო იქნება როგორც მომიტინგეების აქ მოსვლა, ისე წასვლა. ასე, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.
პროკურატურასთან ამ დროისთვის რამდენიმე ასეული სამართალდამცველი იმყოფება. ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურასთან გორგასლის ქუჩა რკინის ჯებირებით გადაკეტეს.