საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სრულწლოვან დევნილებს მოუწოდებს, ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ აიღონ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე სოციალურად დაუცველ სეგმენტს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ აიღონ და, შესაბამისად, მათ ამისათვის არ გადაიხადონ 34 ლარი.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი, საარჩევნო სიის დაზუსტებაა.
"ეს ემსახურება ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ მიზანს. ჩვენი ვალია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოს მივცეთ ერთიანი, დაზუსტებული საარჩევნო სია და გავიგოთ, რამდენი რეგისტრირებული დევნილი გვყავს საქართველოში, ეს მიზანი არის საშვილიშვილო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა იუსტიციის სახლისა და სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც დევნილებისათვის მოწმობების გაცემაში მონაწილეობას მიიღებენ.
ამასთან, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჩიჩუას განმარტებით, საქართველოში 177 000 რეგისტრირებული დევნილია, რომელთაც პირადობის მოწმობა არ აქვთ.
მისივე ინფორმაციით, სრულწლოვან დევნილებს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ აღება დღეიდან 23 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
დევნილებს, საქართველოს მასშტაბით, 12 იუსტიციის სახლი დილის 9.00 საათიდან საღამოს 21.00 საათამდე, ყოველ შაბათ-კვირას მოემსახურება.