ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული ლერი წივილაშვილი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ. წივილაშვილმა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, შენობის ასაშენებლად შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 5 000 აშშ დოლარი აიღო.
უწყების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე, ასევე დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი და თვითმმართველი ერთეულის სოფ. კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. დაკავებულებმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს კუთვნილი 300 ჰა მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 000 ლარი აიღეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.