ჭვავის პურის ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქტითაა გაჯერებული

ჭვავის პურის ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქტითაა გაჯერებული


დიაბეტით დაავადებულებისთვის სასიცოცხლო საფრთხის შექმნით ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ გეგენავა ისქელებდა ჯიბეს, დღეს კი ისნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოგუაძე

ბოლო პერიოდში საინტერესო მოვლენები ხდება ე.წ. შავი ანუ ჭვავის პურის ბაზარზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ ბაზარზე ჭვავის ფქვილი პრაქტიკულად არ შემოდის, ~შავ” პურს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან აკეთებენ და ფერის მიცემა ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევებით ხდება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეარხები აქტიურობენ. რატომღაც უკლებლივ ყველა ტელევიზიას მხოლოდ ახლა გაუჩნდა მოსახლეობის ”დაცვის” და მისი სიტუაციაში გარკვევის სურვილი. ~შავი პურის” თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სამთავრობო ტელევიზიებში გასულმა სიუჟეტებმა, ერთგვარად, კამპანიის სახე შეიძინა.

სახელისუფლებო ძალების მიერ მართული და, შესაბამისად, ძლიერთა ამა ქვეყნისა ბიზნესინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ტელევიზიების ამგვარი ყურადღება, რაიმე საკითხის მიმართ, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას ზევით გარკვეული ინტერესი აქვს. სახელისუფლებო ტელეარხების მიერ გატარებულმა კამპანიამ მთლიანად პურის ბაზარზე შეცვალა სიტუაცია. ჭვავის პურის გაყიდვები, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი პროდუქტი იყო, პრაქტიკულად შეწყდა. ჭვავის პურის მოხმარება მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულებისთვის. დიაბეტის დროს, მთავარია, საკვებში და მათ შორის პურშიც, არ იყოს სახამებელი, რომელიც შაქართან ასოცირდება. ჭვავის პურში კი შაქრის რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ხორბლის პურში. ჭვავის პური ასევე გამოირჩევა დაბალკალორიულობითაც, - 100 გრამი ჭვავის პური 210 კალორიას შეიცავს, მაშინ როცა იგივე რაოდენობის ხორბლის პური 270, ამიტომ ჭვავის პური ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავდა.

ამ ფონზე, ისმოდა პირდაპირი ბრალდებები, რომ ჭვავის ფქვილისგან დამზადებული პროდუქციის ნაცვლად, საქართველოში, მავნე შემადგენლობის შავი საღებავის ცომში შერევით მომზადებულ პურს მივირთმევთ. საკვირველი ისაა, რომ კონკრეტულად არავინ ასახელებდა, თუ რომელი კომპანიის და მწარმოებლების პური იყო მოწამლული და სიცოცხლისთვის საშიში. ანუ, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლო სიუჟეტები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მართლაც უმძიმეს ბრალდებაზე, პასუხი არავის გაუცია, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არც სამართალდამცავებს აინტერესებს. ერთი სიტყვით, ეს კამპანია მიმართული იყო იქითკენ, რომ პურის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეცვლილიყო, ფაქტია, რომ ჭვავის პურის ბაზარი დღეს გამოთავისუფლებულია, თუ მომხმარებელს ეცოდინება, რომ ვიღაც მართლაც ჭვავის პურს ყიდის, მის პროდუქტს აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი.

შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა წარმოების მთავარი მიმართულება ჭვავის პური იყო. ამ სკანდალმა, პირველ რიგში, ის კომპანიები დააზარალა, რომლებიც უკვე წლებია ჭვავის პურის წარმოებაზე არიან ორიენტირებულები. დაზარალდა მოსახლეობაც, რომელმაც აღარ იცის, ვის ენდოს და ვის არა. ჭვავის პურის ფალსიფიცირების პრობლემის არსებობას აღიარებს ?იტვური საცხობი, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ყოველი 10 კომპანიიდან 8 ჭვავის პურის ფალსიფიკაციას ეწევა, აქ პურის ბაზარი უკონტროლოა და, შესაბამისად, ფალსიფიკაციაც მარტივია. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება და სურსათის კონტროლის სამსახურს მოუწოდებენ, საზოგადოებას ზუსტად მიაწოდონ ინფორმაცია, - ვინ ეწევა ფალსიფიცირებას და ვინ არა. როდესაც ბაზარი მართლაც პრობლემურია, ამ დროს წესების დაცვით მოთამაშე კომპანიას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 

პრობლემა ~ბანკები და ფინანსებთან” საუბარში უფრო მწვავედ დასვეს სხვადასხვა წვრილი წარმოების წარმომადგენლებმა. ისინი აცხადებენ, რომ ჭვავს საკუთარი არხებიდან იღებენ და თავად ფქვავენ, შემდეგ კი საკუთარ წარმოებაში უშვებენ. კითხვაზე, თუ როგორ დაამტკიცებენ ამას, განგვიცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ლაბორატორიული შემოწმებაა. ისინი ითხოვენ, რომ დაუსაბუთებლად არავინ დასდონ ბრალი. ამ წვრილი წარმოებების ხელმძღვანელებმა, ის მიზეზებიც გაგვიმხილეს, თუ რატომ დაიწყეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა აღნიშნული კამპანია. ისინი, ბუნებრივია, საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ვინაიდან, არ სურთ ისევ სახელისუფლებო ძალებს დაუპირისპირდნენ.”საქმე ისაა, რომ საზოგადოება ჭვავის პურის ალტერნატივად აღიქვამს ე.წ. ცეხვილ პურს. ცეხვილი პური მართლაც შეიცავს ჩვეულებრივ პურზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ ის მაინც ხორბლისგან არის დამზადებული. უბრალო, აქ ფქვილის დამუშავების ტექნოლოგიაა განსხვავებული. მას შემდეგ, რაც ჭვავის პურის გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა, ბაზარზე მისი ადგილი ნელ ნელა ცეხვილმა პურმა დაიკავა. 

აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბაზარზე ცეხვილი პური, ძირითადად, ?ოლხისა და ?ეზეკის წარმოებებიდან შედის. კულუარული ინფორმაციით, ორივე ეს წარმოება პარლამენტარ არჩილ გეგენავას სახელთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ გეგენავა სახელისუფლებო ბიზნესებიდან პრაქტიკულად მოკვეთეს, ცეხვილი პურის ბაზარი ამჯერად სხვა სახელისუფლებო ჯგუფს ჩააბარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგენავას მიერ კონტროლირებადი კვების მიმართულების ბიზნესები ისნის მაჟორიტარმა გიორგი გოგუაძემ გადაიბარა. ეს ინფორმაცია, რამდენიმე თვის წინ, გაზეთ ?ერსიასთან ინტერვიუში რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა გაახმოვანა. ხლა უკვე ნათელი ხდება, თუ რატომ კლავენ ასე უაპელაციოდ ჭვავის პურის წარმოებას. ერთი სიტყვით, ბიზნესების გამსხვილება და ბაზრის მონოპოლიზაციის პროცესი გრძელდება.

ზოგადად, ძნელია, ისაუბრო მართლაც რამდენად ჭვავის არის შავი პური. ჩვენ ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ ან ის კომპანიები, რომელთა წარმომადგენლების კომენტარებიც შემოგთავაზეთ, ნამდვილად ჭვავის პურს აწარმოებენ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად არ იბრძვიან. თუმცა, იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ მსგავსი მეთოდებით კონკურენტების ჩამოცილება არ შეიძლება.თუ სადმე დარღვევა ხდება, ამის შესახებ, პირველ რიგში, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება და დადგინდეს, კონკრეტულად, ვინ და როგორ დაარღვია კანონი. 

თუმცა, რომელ კანონზეა საუბარი, კანონი, რომელიც სურსათის ხარისხის სტანდარტების აუცილებლობას გულისხმობს, ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. ოფიციალურად, ამას ადგილობრივი წარმოების დაცვის მოტივით ხსნიან. ფაქტი ისაა, რომ სურსათის ბაზარზე დამკვიდრდა მართვადი ქაოსი, რომლითაც მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალები ხეირობენ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კარგად უნდა განემარტოს ცეხვილი პური ჭვავის პურის ადეკვატური ჩამნაცვლებელი არ არის. ცეხვილი პური ხორბლისგან მზადდება და ის დაახლოებით იმავე რაოდენობის სახამებელს შეიცავს, რამდენსაც ჩვეულებრივი პური, ასე რომ მისი გამოყენება სამედიცინო დიეტის დაცვისას არ შეიძლება. მოსახლეობის არასწორმა ინფორმირებამ, შესაძლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე. ასე რომ, იქნებ არ ღირდეს არჩილ გეგენავას ან თუნდაც გიორგი გოგუაძის ჯიბის გასქელებას, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.