აშშ-ის ფლორიდას შტატის სენატორი მარკო რუბიო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ამის თაობაზე განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
"წლების განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელი იყო რთულ რეგიონში. ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით ისევე, როგორც გასული წლის არჩევნების შემდეგ 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით. მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ იყო საჭირო და ხელისუფლების მცდელობა გაესამართლებინა იგი საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში და არა სასამართლო სისტემის გზით, ამ დაკავების მოტივების გარშემო კითხვებს ბადებს", - აღნიშნავს სენატორი რუბიო.
მისივე განცხადებით, ოქტომბრის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს მსგავსი ტაქტიკა და ძალისხმევა ოპოზიციის შესავიწროებლად.
"თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული სტანდარტების მიმართ, რაც შეაფერხებს ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას", - წერს მარკო რუბიო.
გავრცელებულ განცხადებაში სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს მისი მეგობრები ისევე, როგორც ისინი, ვისაც საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესისთვის ჩრდილის მიყენება სურს.
"მოვუწოდებ ობამას ადმინისტრაციას, მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოში კანონის უზენაესობის დასცვასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ჩემს სენატორ კოლეგებთან ერთად მომდევნო თვეებში ვიმუშავებ იმისთვის, რათა მოვნახო გზები ამ მნიშვნელოვანი ურთიერთობის განსამტკიცებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო რეგიონში თავისუფლების შუქურად დარჩეს", - აცხადებს სენატორი მარკო რუბიო.