ამ კვლევის ძირითადი დასკვნა ასეთია: 1992 წლიდან შობადობა საქართველოში ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. მოსახლეობის დაბერებამ მიაღწია კრიტიკულად მაღალ დონეს. 1990 წელთან შედარებით ფაქტიურად 2-ჯერ შემცირდა ბუნებრივი მატება. გარე მიგრაციის შედეგად, რაც გამოწვეულია ცხოვრების დაბალი დონით და უმუშევრობით და ასევე ლეგიტიმურობის კრიზისით, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობა თითქმის 1,5 მილიონით შემცირდა. მომავლის პერსპექტივა კიდევ უარესია: მოსალოდნელია შობადობის კიდევ უფრო მეტად შემცირება, მოკვდავობის საერთო დონის ზრდა ისე, რომ იგი შობადობას გადაამეტებს.
1926 წელს კავკასიაში ქართული მოსახლეობა აღემატებოდა აზერბაიჯანულს 400 ათასით, სომხებს კი – 1,6 მილიონით. დღეს აზერბაიჯანელები შეადგენენ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის 47%, ქართველები – 28 %-ს, სომხები – 27%-ს.
საბჭოთა პერიოდში ბოლო მოსახლეობის აღწერა 1989 წელს ჩატარდა და გარკვეული პრობლემების გამო (შობადობის, მოკვდავობის და გარე მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვა) აღმოჩნდა, რომ 1989 წლის აღწერის დროს საქართველოს მოსახლეობა რეალურად იყო არა 5 მილიონ 400 ათასი, არამედ- 5 მილიონ 327 ათასი. საერთოდ, არსებობს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და მკვლევართა შეფასებითი მონაცემები. ამ მონაცემებს შორის გარკვეული სხვაობებია. მაგ: შეფასებითი მონაცემებით 1960-2000 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა მილიონ ოთხმოცდაცხრამეტი ათასით, ხოლო 1992-2000 წლებში – დაიკლო 882 ათასით. 2008 წელს 2000 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობამ კიდევ 260 ათასით დაიკლო ( სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით – მხოლოდ 53 ათასით).
სამოქალაქო დაპირისპირების და ომიანობის, უმუშევრობისა და მძიმე სოციალური ფონის გამო საქართველო დატოვა (1992-2005 წ.წ) 275 ათასმა რუსმა, 190 ათასმა სომეხმა, 100 ათასამდე ოსმა, 95 ათასმა ბერძენმა, 90 ათასმა ებრაელმა, 22 ათასამდე – აზერბაიჯანელმა და ა.შ. (მხოლოდ ამის გამო მოხდა, რომ ქართველთა ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა 70%–დან (1979 წ.) – 84,5 პროცენტამდე (2002 წ.) და არა იმიტომ, რომ შობადობამ მოიმატა ქართველებში).
ე.წ. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში დღესდღეობით შეადგენს 1,8 მილიონ ადამიანს: აქედან 618 ათასი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,ხოლო 1,2 მილიონი თვითდასაქმებულია (მათ შორის სოფლად – 0,9 მილიონი). ქართული მოსახლეობა უცხოეთში უფრო დასაქმებულია (800 ათასი კაცი), ვიდრე საქართველოში (618 ათასი). ემიგრაციაში წასული თითო ქართველი საქართველოში დარჩენილი თავისიანების 1-2 ოჯახს ინახავს. ყოველწლიურად ისინი საქართველოში რიცხავენ 700-800 მილიონ დოლარამდე თანხას. 2008 წელს მარტო რუსეთიდან ემიგრანტთა მიერ გადმორიცხულმა თანხამ გადააჭარბა საქართველოში მთლიანად უცხოეთიდან შემოსულ ინვესტიციების რაოდენობას.
1960 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივმა შემადგენლობამ. ამ პერიოდში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი მცირდებოდა (1960 წელს 29,5%-იდან 2010 წლის-18%-მდე), ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი სულ მატულობდა (1960 წელს 7,6%-დან 2010 წლის 16%-მდე). სადღეისოდ საქართველოში დემოგრაფიული დაბერების ძალიან მაღალი დონეა.
შობადობა
დღეისთვის დაუქორწინებელ ადამიანთა რაოდენობამ (ქალებშიც, კაცებშიც) მნიშვნელოვნად იმატა, გაიზარდა საქორწინო ასაკიც. 2000 წელს, 1960 წელთან შედარებით 15-49 წლის ასაკის ქალთა რაოდენობამ 10%-ით იკლო და ეს დღემდე გრძელდება, ხოლო დაბადებათა რაოდენობა 2-ჯერ შემცირდა (თუ 1990 წელს დაიბადა 91 ათასზე მეტი ადამიანი, 2001-2005 წლებში ყოველწლიურად იბადებოდა 45-47 ათასი ბავშვი, 2005-2009 წლებში შობადობამ მცირედით მოიმატა 52-54 ათასამდე. მესამე და მეტი შვილის შობადობა გაიზარდა 3,5%-ით მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსახლეობისადმი მიმართვის შედეგი იყო - მან აღუთქვა მშობლებს, რომ თავად გახდებოდა ნათლია მშობლების მე-3 და მომდევნო შვილებისა და დღემდე თითქმის 10 ათასი ბავშვის ნათლია გახდა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და საქმეს ვერ უშველის.
2010 წლიდან, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შედეგად, შობადობამ კვლავ კლება დაიწყო. საჭიროა კარგად გათვლილი სახელმწიფო პროგრამა, როგორც ეს გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი ინიციატივით შემუშავდა კარგად მოფიქრებული და დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამა, რის შემდეგ მან მიმართა ფრანგ ქალებს: “მომეცით 1 მილიონი ფრანგი”. ქალები დადებითად გამოეხმაურნენ ამ პატრიოტულ ინიციატივას – ვისაც შეეძლო, თავად გააჩინა ბავშვი, ვისაც არა – მან დააფინანსა სხვა ქალბატონების ორსულობა და მეორე მსოფლიო ომის შედეგად საკმაოდ შეთხელებული საფრანგეთის მოსახლეობამ სწრაფად მოიმატა.
მთლიანობაში 1960 წლიდან დღემდე ყოველ 1000 სულზე დაბადებულთა ოდენობა ნელ-ნელა მცირდებოდა: 1960 წელს იყო 25%, 1980 წელს - 18%, დღეისათვის ის შეადგენს 12-13%-ს.
ამრიგად, საქართველოში 1992 წლიდან შობადობის დონე უკვე ვერ უზრუნველყოფს თაობათა სრულად განახლებას.
საყურადღებოა ქორწინების გარეშე დაბადებულთა წილის დინამიკა: 1980 წელს ქორწინების გარეშე დაბადებულთა წილი ყველა დაბადებულს შორის საქართველოში 4,7%-ს შეადგენდა, მაგრამ 5 წელიწადში, 1985 წელს – გაორმაგდა და 10,5% შეადგინა, 1990 წელს-უკვე 18,2% მიაღწია, 2000 წელს 39%, 2006 წელს – 54,4% და მხოლოდ 2007 წელს შემცირდა 43,9%-მდე.
გარდაცვლილთა ზუსტი აღრიცხვა საქართველოში დღემდე არ ხდება, ხოლო ცალკეულ პერიოდებში დიდი რიცხვით ხასიათდებოდა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 1960-90 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა 1 მილიონ 185 ათასი ადამიანი, მკვლევართა აზრით -1 მილიონ 350 ათასი, გაეროს ექსპერტთა მონაცემებით – 1400 ათასი კაცი. აქედან აღურიცხავ გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 175 ათასი (13%) იყო.
სამწუხაროდ, ახალდაბადებულ ჩვილთა მოკვდავობის კოეფიციენტი კვლავ ძალიან მაღალია – ყოველ ათას ბავშვზე იყო: 1990 წელს 20,7, 2000 წელს -22,6, 2007 წელს შემცირდა 16 ბავშვამდე.
მთლიანობაში, საქართველოში მოკვდავობის საერთო დონე მოსახლეობის 1000 სულზე 1960 წლიდან განაგრძობდა მატებას, რაც ძირითადად დემოგრაფიული დაბერების პროცესით და სოციალური ყოფის მოუწესრიგებლობით იყო განპირობებული (საქართველოში ყოველწლიურად იღუპება 52-53 ათასი ადამიანი).
ქორწინება და განქორწინება
ქორწინებათა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე აჩვენებს რეგისტრირებულ ქორწინებათა სიხშირის კლებას საქართველოში 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან კლებას კი – 1992 წლიდან. მისი ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა 2002 წელს. Aამის შემდეგ ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტი მატულობდა და 2007 წელს მან მიაღწია 1990 წლის დონეს. იმავდროულად ცვალებადობას განიცდიდა ქორწინების ასაკიც. 1960 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი საქართველოში იყო: მამაკაცებისთვის 30,3 წელი, ქალებისთვის 27,2 წელი, 1990 წელს – მამაკაცებისთვის 27,1 წელი, ქალებისთვის 23,6 წელი, 2007 წლისთვის ქორწინების ასაკმა კვლავ მოიმატა და შეადგინა კაცებისთვის 29,4 წელი, ქალებისთვის – 25,6 წელი.
საქართველოში დაბალია ხელახალ ქორწინებათა წილი. 1980 წელს ხელახალ ქორწინებათა წილი იყო კაცებში 4%, ქალებში – 1,9%, 1995 წელს - კაცებში 5,2 %, ქალებში 3,8%, 2001 წელს მაჩვენებლები ძლიერ შემცირდა - კაცებში 1,4%-მდე, ქალებში-1,4%-მდე, ეს მაჩვენებელი დღემდე კლებადია.
გარე მიგრაცია
შეფასებითი მონაცემებით 1960-2007 წლებში, გარე მიგრაციის შედეგად, საქართველო დატოვა 1 მილიონ 639 ათასმა ადამიანმა,ხოლო ამ წლებში საქართველოში შემოვიდა 0,5 მილიონამდე ადამიანი,ანუ უარყოფითმა სალდომ 1 მილიონ 197 ათასი ადამიანი შეადგინა. მარტო 1992-96 წლებში უარყოფითმა სალდომ 745 ათასი შეადგინა, აქედან რუსეთის მხარეზე ეს სალდო 72% იყო.
დღესაც საქართველოდან წამსვლელი (საშუალოდ წლიურად 26 ათასი კაცი. ეს სტატისტიკა ეყრდნობა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს) გაცილებით მეტია, ვიდრე შემომსვლელი. ძირითადად კიდევ შემოდიან სომხები (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთი), ჩინელები, ინდოელები, პაკისტანელები, თურქები. ბრუნდება ასევე ემიგრანტთა მცირე ნაწილი უფრო რუსეთიდან და საბერძნეთიდან, სადაც მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი.
პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა ამიერიდან ყოველწლიურად 20 ათასი კაცით დაიკლებს, რაც 2050 წლისთვის ნიშნავს მოსახლეობის შემცირებას 700-800 ათასი კაცით, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა შემცირებას 15,5%-მდე, 65 წლის და მეტი ასაკის ხალხის მატებას 21,1%-მდე (ანუ მოსახლეობის დაბერების პროცენტი მოიმატებს), 15 ათასით შემცირდება ახალშობილთა რიცხვი ყოველწლიურად და 37 ათასამდე დავა, იმავდროულად გაიზრდება მოკვდაობა და 2050 წელს იგი 16-17 პროცენტს გადააჭარბებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება კაცებისთვის 75 წლამდე, ქალებისთვის 80 წლამდე. სხვაობა მოკვდაობასა და შობადობას შორის გაიზრდება (ყოველწლიურად 15-16 ათასით მეტი დაიღუპება, ვიდრე დაიბადება), შემცირდება ჩვილთა სიკვდილიანობა.
დასკვნა: თუ არ იქნა გატარებული საგანგებო ზომები, საქართველო შეიძლება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს და სახეზე იქნება საქართველო უქართველებოდ.