თიკო ოსმანოვა, “რეზონანსი“
სოხუმში დიდი პოლიტიკური სკანდალია, რომელიც ეროვნებით ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდება. რუსული მედიის ცნობით, რუსული პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აფხაზმა ძალოვნებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე თვის წინ 10-მა ქართველმა "ქურდმა" უპრობლემოდ მიიღო "აფხაზეთის მოქალაქეობა".
ეს ინფორმაცია რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "არგუმენტმა" გაავრცელა. "აფხაზეთის მოქალაქე" ქართველი "ქურდების" ვინაობა არ სახელდება. თუმცა ცნობილია სკანდალის სხვა დეტალები.
რუსული გამოცემის ცნობით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორიოდე კვირის წინ რუსულმა პოლიციამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. მას "აფხაზური" პასპორტი აღმოუჩინეს. თანაც პასპორტში ქართველ "ქურდს" სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი.
აღნიშნული ინფორმაცია რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზ ძალოვნებთან გადამოწმეს და გაარკვიეს, რომ "აფხაზური პასპორტით" რუსეთში კიდევ 9 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ცხოვრობს.
"არგუმენტის" თანახმად, აფხაზ სამართალდამცავებს უკვე ჰყავთ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონის დე ფაქტო საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელია, თუმცა იგი დაკავებული ჯერჯერობით არ არის.
საინტერესოა, რომ 10-ვე შემთხვევაში ქართველ "ქურდებისათვის" "აფხაზეთის მოქალაქეობის" მინიჭება დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.
რუსული გამოცემა კრიმინალურ სამყაროსთან აფხაზებისა და სეპარატისტული ხელისუფლების განსაკუთრებულ ურთიერთობებზეც წერს. ამის ერთ-ერთ მაგალითად "არგუმენტის" ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანთან - დედ ჰასანთან დაკავშირებული ისტორია მოჰყავს.
დედ ჰასანი 2 წლის წინ გაგრაში იყო ჩასული. რუსმა სამართალდამცავებმა იგი უპრობლემოდ გაატარეს ფსოუზე, თუმცა შემდეგ აფხაზ ძალოვნებს დაუკავშირდნენ და "რომელიმე ადგილობრივი კანონის საფუძველზე" უსოიანის დაპატიმრება სთხოვეს.
"არგუმენტის ცნობით", დედ ჰასანის შესაძლო დაკავების შესახებ მისმა აფხაზმა მასპინძელმა შეიტყო და ყველაფერი გააკეთა, რათა თავისი სტუმრისათვის ეს თავიდან აეცილებინა. უსოიანის მასპინძელმა მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ბაღაფშამდეც მიაღწია. საბოლოოდ კი, ბაღაფშის ჩარევის შედეგად, დედ ჰასანის დაპატიმრების გეგმა ჩაიშალა და მან უპრობლემოდ დატოვა აფხაზეთი.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ბაღაფშის პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო მთვარობას და "კანონიერ ქურდებს" შორის გარკვეული კავშირი არსებობდა, როგორც დახლოებით შევარდნაძის დროს იყო საქართველოში. თუმცა კავკასიის საკითხებში ექპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ანქვაბის "გაპრეზიდენტების" შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში ვითარება შეიცვალა. ანქვაბს "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ტოტალური გალაშქრება არ დაუწყია, თუმცა, არეშიძის თქმით, გალაშქრება დაიწყო იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე კრიმინალურ ავტორიტეტებს აფხაზეთის პასპორტები დაურიგეს.
"აფხაზეთში არის ძალიან ძლიერი "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი, განსაკუთრებით სოხუმელები და გაგრელები. ყველა მათგანი, ისევე როგორც "კანონიერი ქურდების" უმრავლესობა, დღეს მოსკოვში ცხოვრობს.
"როგორც ვიცი, აფხაზ და ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის ეთნიკური განსხვავება არ არსებობს, მათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. აბა, ისე მათ მოქალაქეობას არც არავინ მისცემდა.
"სხვათა შორის, კანონიერ ქურდი დედ ჰასანიც დიდხანს ცხოვრობდა აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელია.
"ანქვაბის "გაპრეზიდენტების" შემდეგ ვითარება შეიცვალა. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ტოტალური გალაშქრება არ დაუწყია, მაგრამ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც გასცა აფხაზეთის პასპორტები, სერიოზული ბრძოლა დაიწყო. სწორედ ამიტომ ჩაატარა ჩხრეკა დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვათა შორის, ამავე მიზეზით იმალება რუსეთში ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშპა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში არეშიძე.
1340
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85