ნანა ფიცხელაური, „ქართული სიტყვა“
“ვიღაცეები აღშფოთებულან, მე რატომ მჩუქნის ბიძინა ივანიშვილი 500 ლარს და ვიღაცას - ათასსო. ჩაუკვირდით, მორალი არსებობს?! თუ არსებობს, შეიძლება, ამაზე ილაპარაკოს ადამიანმა? ნამდვილად არაა ჩემი საქმე, ვის რამდენი აქვს, მაგრამ უძველეს დროში თქვეს ქართველებმა, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებისო და ახლა იმას იძახიან, მე იმაზე ნაკლები რითი ვარო. ეს რას ჰგავს, ვერ გავიგე?! სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებაა ქართულ საზოგადოებაში ყველა მიმართულებით”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელთანაც ინტერვიუ უჩვეულო ვითარებაში ჩავწერე - ბატონი ნოდარის მობილურ ტელეფონზე ზარი არ წყდებოდა. რეკავდნენ “ქართუ ბანკის” გულშემატკივრები, ნაცნობები და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები...
ბატონო ნოდარ, “ქართუ ბანკის” მიმართ მოქალაქეების მიერ გამოხატული სოლიდარობა ზოგმა სამართლიანობისათვის ბრძოლის აქციად შეაფასა...
- ძალიან სასიამოვნოა, თუ ასეა. სამართლიანობისათვის ბრძოლა, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო კარგია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა - ბრძოლას შედეგი არ მოჰყვება, თუ საზოგადოება გათითოკაცებული იქნება. ეს აქცია ერთად დგომის სურვილის გამოხატულებად უფრო მიმაჩნია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ერის წინსვლა-აღმასვლის გზაზე, მით უფრო, რომ ბოლო წლებში ქართველი კაცი “სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირის” პრინციპით ცხოვრობდა, რაც არ შეესაბამება ჩვენს ისტორიულ წარსულსა და გენეტიკურ კოდს. ასეთი პრინციპით ვერ მოვაღწევდით დღევანდლამდე. აქ მთავარი, საჭირო და მნიშვნელოვანი არაა ფინანსური მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს ფული სულაც არ არის დიდი.
ბოლო მონაცემებით, სულ რამდენმა ადამიანმა შემოიტანა თქვენს ბანკში ანაბარი?
- ანაბრების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. მანამდე ბანკში სულ 900 ანაბარი იყო, მეტი კი არა?! ეს პროცესი კვლავ გრძელდება, აქ რომ შემოხვედით, ვერ ნახეთ რიგი? მართალია, ისეთი რიგები აღარაა, როგორიც პირველ დღეებში იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამდენმა ადამიანმა დამოუკიდებლად და ერთდროულად გადაწყვიტა, დაჩაგრული ბანკის გვერდით დადგეს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადოს. საქმე ისაა, რომ ბანკი “ქართუ” ძირითადად თბილისშია და არ გვაქვს ბევრი ფილიალი. ბევრი ნაცნობი და ახლობელი მირეკავს, თუ რიგები შემცირდა, მოვალთო. ეს გასაგებია - ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, მთელ დღეს რიგში იდგეს. თანადგომა ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის მაშფოთებდა ის ფაქტი, რომ შვილმკვდარი დედების აქციას ძალიან ცოტა დედა უერთდებოდა. ეს გათითოკაცების განსაკუთრებული შემთხვევაა იმიტომ, რომ არ შეიძლება, დედამ გაიგოს, ვინმეს შვილი მოუკლეს და იმ წუთში წარმოსახვაში ეს თავის თავზე არ გადაიტანოს და თუ გადაგაქვს, შე მამაცხონებულო, და ასეთი პროტესტია, შენც დადექი იმის გვერდზე. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ასეთ აქციებზე 200 კაცზე მეტი არ იყრიდა თავს მაშინ, როცა 10 ათასობით დედა უნდა ყოფილიყო.
აქ უმთავრესად ბატონი ბიძინას ფაქტორია განმსაზღვრელი, თუ ის, რომ ქვედა ფენებს აღარ ძალუძთ ძველებურად ცხოვრება?
- ორივე ერთად. რომ აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება - ეს დიდი ხანია აქტუალურია, მაგრამ გამოსვლის, ერთად დგომის მოსალოდნელ შედეგს ვერ ხედავდა ხალხი. კი უნდოდათ გაებრძოლათ, მაგრამ უიმედო ადამიანები ძნელად იწყებენ რამეს. ბატონმა ბიძინამ გააღვიძა ეს იმედი და იმედმა, თავისთავად, წამოწია ღირსება.
რა პრობლემების წინაშე დგას დღეს “ქართუ ბანკი” და ხომ არ არსებობს ბანკის პარალიზების საშიშროება?
- ეს რიტორიკული შეკითხვაა... მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეფერხებები გვაქვს, დღეს ბანკი ნორმალურ სიტუაციაშია. შემოწმება ფუნქციონირებაში მნიშვნელოვნად გვიშლის ხელს, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ, ამის თქმა თუ შეუძლია ვინმეს, ეს ადამიანური გონების შესაძლებლობას ცილდება. ყველამ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების ქმედებები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. არც ვანგა ვარ და არც - ავლიპა ზურაბაშვილი.
მოსალოდნელ საფრთხეებზე იმიტომ გკითხეთ, რომ აგერ, პარლამენტს დაჩქარებული წესით მიუღია კანონპროექტი, რომელიც, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართუს“ მიზანმიმართულ გაკოტრებას ემსახურება...
- თქვენს ადგილას, ამ შეკითხვას დავუსვამდი ნებისმიერ სხვა ბანკს. ეს კანონი მარტო “ქართუ ბანკისთვის” ხომ არ გამოდის? ამ კანონის მიღება ორი წლის წინაც უნდოდა ხელისუფლებას, მაგრამ მთელი საბანკო სისტემა ყალყზე დადგა და არ გაატანინა. დღეს რატომ არიან ჩუმად? ვწერ მათ და პასუხს არ მაძლევენ. თქვენ ჰკითხეთ და თქვან, ამაში არაა საშიშროებაო. სინამდვილეში, ამ კანონის ამოქმედება, ყველაზე პატიოსან შემთხვევაშიც კი, დაანგრევს საბანკო სისტემას. რატომ არიან ჩუმად?
რას ითვალისწინებს ეს კანონი და რატომაა ასეთი დამანგრეველი?
- საგადასახადო სამსახურებმა ამ კანონით მიიღეს უფლება, მის წინაშე ვალდებულების დასაფარავად, ბანკის მიერ გაცემული სესხის ქვეშ არსებული გირაოს თავისი მოთხოვნა ჩააყენონ, ანუ ჩვენ რომ გავეცით სესხი აბსოლუტურად კანონიერად და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ კლიენტს არ ჰქონდა ბიუჯეტთან დავალიანება, ესე იგი, სუფთა, დაუტვირთავი გირაო ჩაგვიდო ბანკის სესხის ქვეშ, ახლა საგადასახადო ინსპექცია თუ წინა რიცხვით აღმოაჩენს რამე დარღვევას და წაუყენებს ვალდებულებას ჩვენს კლიენტს, მაშინ საგადასახადო ინსპექცია ღებულობს უფლებას, დაარღვიოს რიგისობა და, პირველ რიგში, წაიღოს ჩვენი გირაო თავისი ვალდებულების დასაფარავად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სესხი თეორიულად შეიძლება, დარჩეს უზრუნველყოფის გარეშე, ანუ ბანკს არც გაცემული სესხების დაფარვის პერსპექტივა ექნება და არც მომავალი სესხის გაცემის რისკის აღების სურვილი.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან მოლაპრაკებას, მან თქვა, „ქართუს“, სესხის სახით, წართმეული თანხის ექვივალენტს გამოვუყოფო...
- რა, სესხის სახით რომ მომცემენ, ის თანხა წართმეული აღარ იქნება?
როგორ ფიქრობთ, არსებობს ამ თანხის დაბრუნების შანსი?
- წადით და ეს ჰკითხეთ ბატონ მერაბიშვილს. მის მაგივრად პასუხის გაცემა რომ შემეძლოს, ალბათ, გვარს გადავიკეთებდი!
სიტყვამ მოიტანა და, ვანო მერაბიშვილმა მართლა დახურა თქვენს ბანკში ანგარიში თავის 500 თანამშრომელთან ერთად?
- არ ვიცი, ბატონო. მე გავეცი ინფორმაცია, რომ შსს-ს 500-მდე თანამშრომელმა გადაიტანა ანგარიში, მაგრამ არც ერთის გვარი არ მიხსენებია და ამას არც ვაპირებ. არც ვანოს გვარის ხსენებას ვაპირებ. შენ რომ გადაგეტანა, უნდა მეთქვა გვარი და სახელი?
ის თუ გაახმაურეთ, რომ ნანა ალექსანდრიამ დახურა ანგარიში?
- ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია და იმას ჰკითხეთ, ვინც გაავრცელა. მე „ვსეზნაიკა“ კი არ ვარ. რომელიღაცა გაზეთმა საიდან რა გაავრცელა, ეგ მე უნდა მკითხოთ? ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა, ის ინფორმაცია, “ალიაში” რომ მოხვდა, მე რომ გთხოვეთ, არ მომეცით და იმათ რატომ მიეცითო. მიმცემისაც და დამბრალებლისაც?!
იმ ათასკაციან სიას გულისხმობთ, ვისაც ბატონი ბიძინა მატერიალურად უზრუნველყოფდა? მაშ, საიდან მოხვდა ჟურნალისტების ხელში ეს ინფორმაცია?
- მე რა ვიცი, საიდან მოხვდა. არ ვიცი, საიდან ამოქექეს ეგ სია, რომელიც არაფრით შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას. არ ვიცი, როდინდელია და საიდან მიიღეს.
ანუ ეს არასრული სიაა... ქალბატონ ნანა ალექსანდრიას გარდა, ვინმემ კიდევ თქვა ოფიციალურად უარი “რუსული ფულით” დაფინანსებაზე?
- ამ შეკითხვაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ვინაიდან სიას ბანკთან კავშირი მხოლოდ იმ დონეზე აქვს, რა დონეზეც ჩვენ გვაძლევენ დავალებას, ამას ჩაურიცხე ამდენი, იმას - იმდენიო. სია ჩვენ არ ვიცით, არც გადაწყვეტილების მიღების პროცედურა არ არის ბანკის მისაღები - ვის რამდენი და როგორ უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, ჩვენ რომ გადავხედეთ ამ სიას, აღმოვაჩინეთ, რომ მასში არიან კარგა ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანები, ანუ ეს ნიშნავს, რომ ის 5 წლის წინანდელი რაღაცაა. მე ამ სიის კომენტარს არ ვაპირებ და ვიმეორებ, რომ ის დღევანდელ სიტუაციას არ შეესაბამება.
მათი ზუსტი რაოდენობა მაინც თუ იცით?
- არ მახსოვს ზუსტი ციფრი, მაგრამ ათასზე მეტი რომაა, ეგ ვიცი. დახმარებისთვის ყოველთვიურად, დაახლოებით, 1 300 000-ზე მეტი ლარი გაიცემა.
სიაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ხელისუფლების ავანგარდში დგას, ან მისი თანამოაზრეა. რომელიმემ თუ თქვა უარი დაფინანსებაზეა, ან თუ სხვა ბანკში გადაიტანს ანგარიშს, მაინც გაგრძელდება მათი დაფინანსება? მაგალითად, მათი, ვინც ბატონი ბიძინას მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს?
- ეს ბატონი ბიძინას დახმარებებია, რომლებიც ამ ადამიანებს ერიცხებათ აუცილებლად ჩვენს ბანკში. თუ ვინმე დახურავს, დახუროს და წავიდეს, ბატონო! არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმეს უარი განეცხადებინოს დახმარებაზე. წავიკითხე გაზეთში, რომ ქალბატონ ნანა ალექსანდრიას უთქვამს უარი, არ ვიცი, ნამდვილად. ისე არ დავწვრილმანდები, რომ ერთეულ შემთხვევებზე გამოძიება ვატარო. გეტყვით იმას, რომ დღეს ყველას დაფინანსება გრძელდება. ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა აურზაურიც ატყდა ქვეყანაში და ვინ რა განცხადებები აკეთა, მათ შორის, ამ სიაში მყოფ ადამიანებს, ისევ შეუფერხებლად ჩავურიცხეთ დახმარება.
კომპანია “ვისოლის” და “პე-ეს-პე”-ს გარდა, სხვა მსხვილმა კომპანიებმა თუ წაიღეს ბანკიდან ანგარიშები?
- სულ მეკითხებიან, ანგარიშებს თუ ხურავენო. არ ხურავენ ანგარიშებს, უბრალოდ, ამ ანგარიშებზე აღარ შემოდის ის შემოსავალი, რომელიც შემოდიოდა, სხვა ბანკში შეაქვთ. მათი ანგარიში ცარიელია. ბოლო პერიოდში თითქმის აღარ ხდება ასეთი რამ. შეიძლება დღეში ერთხელ გამოჩნდეს ისეთი, ვინც გადაიტანს ანგარიშს, ამას მასიური ხასიათი არ აქვს.
თუ მაინც გაგრძელდა ეს ტენდენცია და ამ კომპანიებს სხვებმაც მიჰბაძეს, ამ შემთხვევაში, ხომ არ დადგება ბანკის და “ქართუ ჯგუფის” მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის დახურვის საკითხი? დაცვის მექანიზმები გაქვთ შემუშავებული?
- რა დაცვა, ახლა “პადნოჟკას” ხომ არ დაუდებ? ადამიანს - ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, აქვს უფლება, ანგარიში იქ გადაიტანოს, სადაც უნდა. რომელ დაცვის მექანიზმზეა ლაპარაკი? მიბრძანდით და ჰკითხეთ იმათ. ჩვენ ვეკითხებით და არ გვპასუხობენ, თქვენ ჰკითხეთ, რატომ გადააქვთ, რა ვერ გავუკეთეთ კარგად, რათი შევუშალეთ ხელი?
როგორც ამბობენ, ეს საკითხი პოლიტიზებულია და, შესაბამისად, “მათგან” პასუხს ვერც მივიღებ...
- ჰოდა, იმათ უთხარით, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით კეთდება და მერე გეცოდინებათ, შემიძლია თუ არა, ეს პოლიტიკური ნიშანი მოვხსნა. აღარც დაგებადებათ ეს შეკითხვა იმიტომ, რომ ეს აქსიომაა. ვერ გავაჩერებ ამ პოლიტიკურ ზეწოლას, აბა, რა წინააღმდეგობა შეიძლება, ამას გავუწიო? ერთი, რასაც ცდილობს ბატონი ბიძინა, ისაა, რომ შეცვალოს ეს ხელისუფლება. სანამ არ შეიცვლება, მე რა უნდა გავაკეთო? მერაბიშვილზე ძალიან შევაშინებ ვინმეს? ან ვაპირებთ ვინმეს შეშინებას? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელიც ნორმალური ქვეყნის, მათ შორის, ნორმალური საბანკო სისტემის აშენებისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით?! აბა, სხვა რა ბარიერი უნდა დავუდოთ, თოფს ხომ არ ვესვრით და ჯაჭვს ხომ არ მოვაბამთ ფეხზე? ვისაც უნდა, სადაც უნდა, იქ წავიდეს, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ ისინი ტოვებენ თავიანთ სასესხო დავალიანებას. მაშინ, გადაიტანონ ეს სესხებიც.
ხელისუფლება პენსიას 140 ლარამდე რომ ზრდის, ამ ინიციატივას პენსიონერები ბატონ ბიძინას უნდა უმადლოდენ თუ წინასაარჩევნო კამპანიას? სხვა შემთხვევაში, რა საჭირო იყო ამის ერთი წლით ადრე დაანონსება?
- ეს თქვენი ნებაა და პოლიტიკოსების შეფასება... ბანკი „ქართუს“ ხელმძღვანელის შესაფასებელი არაა ეს.
სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა „ქართუს“ ინციდენტზე რატომ არ ამოიღეს ხმა? თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს მწვანე შუქი აქვს ანთებული საერთაშორისო საზოგადოებისგან...
- დღეს ქართულმა ჟურნალისტიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ დიპლომატია სხვა სფეროა, სახელმწიფოსთან ურთიერთობები - სხვა. ჟურნალისტის კონკრეტული ინტერესი - მყვირალა სათაურებით რაღაც დასკვნები აკეთოს, ხანდახან ეწინააღმდეგება ერთამანეთს. როცა დიპლომატი აკეთებს განცხადებას, მაინცდამაინც სიტყვათა წყობას კი არ უნდა მიადევნო თვალი და ყური, შიგნით უნდა წაიკითხო, რას ამბობს. დიპლომატის განცხადება არ ნიშნავს რაიმე მყისიერ ქმედებას. ეს არის განცხადება მიმართულებაზე, იმაზე, რომ დაფიქრდეს ერთი მხარეც და მეორეც. შეიძლება, ამას რაღაც ეტაპზე მოჰყვეს ცოტათი უფრო ხმაურიანი განცხადება. ზოგ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე მოჰყვეს მოქმედებებიც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, სხვა ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიოში აღიარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტები, ძალიან ფრთხილად ეკიდებიან თითოეული მათი პარტნიორი თუ წევრი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამიტომ, განცხადება პირველ ეტაპზე შეიძლება, უსაზღვროდ დელიკატური იყოს იმიტომ, რომ მათ, როგორც წესი, არ აქვთ არც უფლება და არც სურვილი, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ გვინდა, ვიღაცამ გამოაცხადოს, გადააყენეთ სააკაშვილი იმიტომ, რომ „ქართუ ბანკს“ დაესხა თავსო, მაგრამ ეს ასე არ ხდება.
ეგ გასაგებია, მაგრამ რაღაც დოზით „აღშფოთება-შეშფოთება“ მაინც ხომ უნდა გამოეხატათ?
- რატომ უნდა გამოხატოს აღშფოთება-შეშფოთება ან ამერიკის ელჩმა, ან მსოფლიო ნაბკმა? ჩვენი ქვეყნის იმიჯზე მათ უნდა იფიქრონ თუ საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა? თქვენ გინდათ, რომ ჩამოვიდეს ამერიკელი, მოხსნას პრეზიდენტი, მოხსნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და დაგვნიშნოს მე და შენ?
არ უნდა მიუთითონ, რომ დემოკრატიულ და ცივილურ ქვეყნებში ასე არ იქცევიან?
- თქვენ მიუთითეთ, ქართული საზოგადოება ხართ?! სანამ ქართველები არ გავანებებთ თავს, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და იმან დაგვიწყოს ყველაფერი - საბანკო საქმეშიც, პროკურატურაშიც, სასამართლოშიც, უმაღლეს ხელისუფლებაშიც და არჩევნებიც იმან უნდა ჩაგვიტაროს, მანამდე არაფერი გვეშველება. მიუთითეთ მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. ეს მარტო ჟურნალისტებს კი არა, ყველა ქართველს ეხება. ის, რომ ჩვენ აღშფოთება გამოვხატოთ, თუ რატომ არ დაგვიჭირეს მხარი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ზუსტად იმას ჰგავს, ვიღაცები რომ აღშფოთებულან, მე რატომ მჩუქნის ივანიშვილი 500 ლარს და ვიღაცას - ათასსო. ჩაუკვირდით, მორალი არსებობს?! თუ არსებობს, შეიძლება, ამაზე ილაპარაკოს ადამიანმა? ნამდვილად არაა ჩემი საქმე, ვის რამდენი აქვს, ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ უძველეს დროში თქვეს ქართველებმა, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებისო და ახლა ის იძახო, მე იმაზე ნაკლები რითი ვარო, რას ჰგავს, ვერ გავიგე?! სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებაა ქართულ საზოგადოებაში ყველა მიმართულებით. ამასწინათ, წავიკითხე ერთი ცნობილი ქართველის ნააზრევი, პოლიტიკა არ მაინტერესებს, არც ის, - რა იქნება ბიძინა ივანიშვილთან, მთავარია, ჩამირიცხავს თუ არა ფულსო. ამისთანა განცხადებას რომ კაცი გააკეთებს, იქ რა მორალზეა ლაპარაკი? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებას თუ ღებულობ, აუცილებლად პოლიტიკურად ანგაჟირებული უნდა იყო, მაგრამ თუ მარტო ეს გაინტერესებს შენს ქვეყანაში, ეს უბედურებაა და ამის აღიარების რომ არ გრცხვენია, ათჯერ მეტი უბედურებაა!
სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც „ქართუ ბანკის“ მმიმართ აღიძრა, შავი ფულის გათეთრების კვალიფიკაცია მიეცა.. გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თუ შავი ფული არ იყო, როცა ხელფასები ლარებში გადარიცხვით გაიცემა, მილიონობით დოლარის გამოტანა ბანკიდან უცნაური დამთხვევააო...
- “შავი ფულის” დამადასტურებელი სადმე რამე არსებობს? ან რას ჰქვია, ხელზე დოლარები ჰქონდათო. ან რა, გაბაშვილმა საგზური ნახა მანქანაში, სად მიჰქონდათ? იმიტომ მიჰქონდათ, რომ ეს იყო ბანკებს შორის ოპერაცია. რეზიდენციაში მიჰქონდათო. თუ მიჰქონდათ, დაეცადათ და გზაში, ან ადგილზე დაეჭირათ. საინკასაციო მანქანა ბანკშივე დააპატიმრეს – ის ფული „საქართველოს ბანკიდან“ უნდა მოეტანათ „ქართუ ბანკში“. მაპატიეთ და, გოკა გაბაშვილის მოსაზრებებზე შეიძლება, კომენტარი გააკეთო? ამ კაცმა არ იცის, თუ რა არის შავი ფული. შავი ფული არის წარმოშობის წყარო, თორემ დოლარები ყველა მწვანეა, ანუ ეს უნდა იყოს ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობის, ან სხვა კრიმინალური ქმედებიდან მიღებული ფული. სად მიდის კი არა, საიდან მოდის, ესაა საქმე. „საქართველოს ბანკთან“ რატომ არ გაუჩნდათ ეჭვი? ჩვენ ხომ იქედან წამოვიღეთ ფული, მაგრამ ბატონმა გოკამ, სამწუხაროდ, არ იცის, თუ რა არის შავი ფული. საუბედუროდ, ეს არც სამართალდამცველებმა იციან, თორემ შეიძლება, სულ სხვა კვალიფიკაცია მიეცათ. ბატონ ბიძინას გინდაც 3 მილიონი მოეთხოვა, არ აქვს უფლება, თავისი ფული მიიღოს? მთავარია, არის თუ არა ის კრიმინალური წარმოშობის ფული და თუ ამას გაიგებს ბატონი გაბაშვილი, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, გავუძლებთ მაგასაც.
გაქვთ იმედი, რომ ბატონ ბიძინას დაუბრუნდება დაყადაღებული ფული?
- ბანკსაც დაუბრუნდება ფული და ქვეყანაში სამართლიანობაც აღსდგება! ამის იმედი რომ არ მქონდეს, აქამდე თავს მოვიკლავდი. იმის იმედიც მაქვს, რომ საქართველოში ამისთანა დემაგოგიური და არაპროფესიონალური შეფასებებიც მოკვდება და აღარ იქნება ის ხალხი, რომელსაც ყველაფრის თქმა შეუძლია! ღმერთი მარტო მე არ მისმენს, თუ ყველა ერთად შევღაღადებთ, მაშინ მოგვისმენს.
946
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85